ჩავარდნილი ინვესტიცია | იშვიათი Brabus SL63-ის ფასი 4 წელიწადში განახევრდა
Brabus-ს თავისი არსებობის ისტორიაში არაერთი განსაკუთრებული ავტომობილი გამოუშვია, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ლეგენდარული ტუნერის ყველა მოდელი კარგი ინვესტიციაა... ამის კარგი მაგალითი 2022 წლის Mercedes-AMG SL63-ია, რომელსაც Brabus-მა ხელი შეავლო, თუმცა სულ რამდენიმე წელიწადში მისი ფასი განახევრდა — წელს კი ამერიკულ აუქციონზე საერთოდაც ვერ გაიყიდა.

ხსენებული მოდელი Brabus 750 Bobo Buschmann Edition-ია, რომელიც 2023 წლის შუაში კომპანიის დამფუძნებლის პატივსაცემად გამოუშვეს. წარმოება სულ 25 ერთეულით განისაზღვრა, შესაბამისად, ფასი გიგანტური იყო და 415 000$-ს შეადგენდა. ეს სტანდარტული SL63-ის ფასზე 2-ჯერ მეტია...
მიმდინარე თვის დასაწყისში Bring a Trailer-ის აუქციონზე როდსტერი, რომლის ოდომეტრიც სულ 2735კმ-ს აჩვენებდა, 241 000$-ად გამოჩნდა, თუმცა მისი შეძენა არავინ ისურვა.
მანქანას გერმანულმა ტუნინგ ატელიემ ნახშირბადის ბოჭკოს მრავალი დეტალი, მანათობელი ემბლემები, დიდებული 21 და 22-დუიმიანი დისკები და ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭები დაამატა. მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ინტერიერიც, რომელშიც Nappa-ს ტყავია გამოყენებული — მხოლოდ სალონის მასალებში Brabus-მა დახარჯა თანხა, რომლითაც ახალი Corvette Stingray-ს ყიდვაა შესაძლებელი.
ცხადია, განახლებულია SL63-ის ძრავაც — 4-ლიტრიანი V8 ამ მოდელში 740 ცხ.ძ-სა და 900 ნიუტონს გამოიმუშავებს. ერთი სიტყვით, ავტომობილის იშვიათობა ყოველთვის მისი შეძენის მიზანშეწონილობაზე არ მიუთითებს — დროის გასვლასთან ერთად, შესაძლოა თქვენი ინვესტიცია უბრალოდ აორთქლდეს. სავარაუდოდ, ამ როდსტერის ფასი კიდევ უფრო დაიკლებს და მომავალ აუქციონზე მისი შეძენა სტანდარტული SL63-ის ფასთან მიახლოებულ თანხად იქნება შესაძლებელი.