ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 15%-ით დაეცა | მიზეზები
თებერვალში ჩინეთში ავტომობილების მიწოდება დაახლოებით 15%-ით დაეცა, რაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული. გაყიდვების ვარდნა შეეხო ისეთ მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელსაც, როგორიცაა BYD, რომლის მიწოდებაც გასულ თვეში (წლიურ ჭრილში) 41%-ით შემცირდა.
ქვეყნის მასშტაბით გაყიდვების კლებაზე ორმა მთავარმა ფაქტორმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა. პირველი, რა თქმა უნდა, სადღესასწაულო პერიოდია, კერძოდ კი – ჩინური ახალი წელი, რის გამოც ქვეყანაში წარმოებისა და ვაჭრობის თითქმის ორკვირიანი შეფერხება დაფიქსირდა. ამას დაერთო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სუბსიდიების თანდათანობით გაუქმების გადაწყვეტილება.

ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში ავტომობილების საბითუმო გაყიდვები გასულ თვეში დაახლოებით 1.8 მილიონ ერთეულამდე დაეცა. კერძოდ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების მიწოდება 14%-ით, დაახლოებით 765 000 ერთეულამდე შემცირდა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ე.წ. „ახალ ენერგიაზე“ მომუშავე ავტომობილებზე შიდა მოთხოვნა მცირდება.
ასოციაციის ანგარიშით, შიდა ბაზრის კლების ფონზე, სრულიად განსხვავებული ვითარებაა ექსპორტის კუთხით. გასულ თვეში ექსპორტი 52%-ით გაიზარდა (მათ შორის BYD-ის შემთხვევაშიც). ჩინურმა მწარმოებელმა თებერვალში 190 190 ერთეული ავტომობილი გაყიდა, აქედან 100 000-ზე მეტი – ექსპორტზე. საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს Geely Automobile Holdings-ი დამატებით 13 ახალ ბაზარზე შევიდა, მათ შორის ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

მაშინ, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილ კონკურენციასთან და შემცირებულ სუბსიდიებთან გასამკლავებლად ჩინური კომპანიები უცხოური ბაზრების ათვისებას ცდილობენ (თუნდაც BYD-ს მსგავსად ევროპაში ქარხნების გახსნით), უცხოელი ავტომწარმოებლები, პირიქით, ჩინეთში არსებულ ქარხნებს ექსპორტის ცენტრად იყენებენ. მათ შორისაა VW, რომელმაც ევროკავშირში ჩინეთში აწყობილი Cupra Tavascan-ის ტარიფების გვერდის ავლით შეყვანის ნებართვა მიიღო.