ელექტრომობილები მოიცდის | Lamborghini V8 და V12 ხაზს აფართოვებს
Lanzador-ის კროსოვერი, რომელიც წესით Lambo-ს პირველი სრულიად ელექტროავტომობილი უნდა ყოფილიყო, ბაზარზე ათწლეულის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა ჰიბრიდის სახით. ეს ყველაფერი რეალურად უკვე ვიცოდით. უფრო საინტერესო კი ის განცხადებაა, რომელიც ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა ამ კვირაში გააკეთა. გეგმა მარტივია: Lambo ელექტრომობილებზე უარს არ ამბობს, უბრალოდ ჯერ სურს დარწმუნდეს, რომ ბაზარზე V8 და V12 ძრავების დეფიციტი არ შეიქმნება.

„რიგით მეოთხე ჰიბრიდის შესახებ ჩვენი ბოლო განცხადება კომპანიის გრძელვადიანი ინდუსტრიული ხედვის ნაწილია — შექმნას მდგრადი ღირებულება ელექტრომობილების სამომავლო განვითარებისთვის, კომპრომისებზე წასვლის გარეშე“, — განაცხადა კომპანიამ ამ კვირაში, უახლესი ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას.
როგორც ამ განცხადებიდანაც ირკვევა, იტალიური ავტომწარმოებელი ელექტრომობილების განვითარების შეწყვეტას არ გეგმავს. თუმცა Lambo-ს დაპირებულ პირველ ელექტრომობილს, წესით, არც ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით Lamborghini-ს ხელმძღვანელმა სტეფან ვინკელმანმა გამოცემა Reuters-თანაც ისაუბრა: „ჩვენს სეგმენტში, გლობალურად, ელექტრომობილების მიმართ წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა EV თავადვე გამოცადა, მაგრამ, მოდით ვთქვათ, რომ მიღებულმა გამოცდილებამ მათ მოლოდინები არ გაუმართლა“.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
მიუხედავად ბაზარზე არსებული სიტუაციისა და მომხმარებელთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, Lamborghini ელექტრომობილების განვითარებას განაგრძობს, მათ შორის ზრდის დროით და ფინანსურ რესურსებს EV ტექნოლოგიების წინსვლისთვის. ყოველი შემთხვევისთვის, კომპანიები მომზადებულები უნდა დახვდნენ მომავალს, როდესაც მდიდრული ავტომობილებისა და სუპერქარების ბაზარი ელექტრომობილების მისაღებად მზად იქნება.
თუმცა ვინკელმანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ელექტრომობილები „ძვირად ღირებულ ჰობიდ“ მოიხსენია, ჯერ არ ჩქარობს და აცხადებს, რომ ამის ტენდენციას უახლოეს მომავალში ვერ ხედავს.