აუქციონი, ფორმულა 1, აირტონ სენა, სენას ბოლიდი, ტოლმენი
Aa
Aa

სენას ბოლიდი, რომლის საჭესთანაც ბრაზილიელის დებიუტი შედგა, გასაყიდადაა გამოტანილი

მსოფლიო ავტოკოლექციონერებს მართებთ მომზადება, რადგან აუქციონზე გასაყიდად ავტოსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარბოლო ავტომობილი გამოდის. თქვენ წინაშე აირტონ სენას ისტორიული ბოლიდია, რომლის საჭესთანაც Formula 1-ის ჩემპიონატში ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელის დებიუტი შედგა.

Toleman TG183B (შასის ნომრით 05) — სწორედ ამ მოდელს უკავშირდება ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელის კარიერის დასაწყისი. Toleman-ის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად კი 1984 წელში უნდა დავბრუნდეთ — მაშინ სენა 24 წლის იყო, თუმცა მისი ფენომენალური პერსპექტივა უკვე კარგად ჩანდა. Formula 3-დან ახლად გადმოსული პილოტის მიმართ ინტერესს ისეთი გიგანტები იჩენდნენ, როგორებიც იყვნენ McLaren-ი, Williams-ი და Brabham-ი.

თუმცა, სანამ ისინი საბოლოო ნაბიჯს გადადგამდნენ, სენას ასპარეზობის შანსი ამ გიგანტებთან შედარებით პატარა გუნდმა, Toleman-მა მისცა. გუნდი საკმარისად ამბიციური აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლეგენდობისთვის განწირული სენასთვის გზა გაეხსნა. სენამ კონტრაქტი გააფორმა, დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, უკვე ისტორიაა.

დებიუტი სენას სამშობლოში, ბრაზილიის გრან-პრიზე შედგა. პირველი დღე უფრო სასწავლო გამოცდილება იყო, რადგან მექანიკური გაუმართაობის გამო ასპარეზობის მიტოვება მოუწია. თუმცა შემდგომ რბოლებში Toleman-მა, რომელსაც სენა მართავდა, ჩემპიონატში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, ბრაზილიელმა კი პირველი ქულები მოიპოვა. შეიძლება ზოგმა ჩათვალოს, რომ ეს მიღწევები მოკრძალებულია, თუმცა ბოლიდისა და გუნდის დონის გათვალისწინებით, სენამ მართლაც სასწაული შეძლო.

TG183B ინჟინერ რორი ბირნის მიერ იყო დაპროექტებული და მას ისეთი კონსტრუქციული თავისებურებები გამოარჩევდა, როგორიცაა წინა ფრთაზე დამონტაჟებული რადიატორი და ორმაგი უკანა ფრთა. კაპოტქვეშ 1.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი Hart-ის ტურბოძრავა იდო, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა (კვალიფიკაციაზე სიმძლავრე დაახლოებით 640 ცხ.ძ-მდე იზრდებოდა). ეს მაჩვენებელი საკმაოდ მცირე იყო, თუ გავიხსენებთ, რომ Brabham BMW 800 ცხენის ძალას, კვალიფიკაციაზე კი 1 000 ცხ.ძ-ს ავითარებდა.

ამ სხვაობას Toleman-ი შედარებით მსუბუქი ძრავით აკომპენსირებდა, რაც ბოლიდს მოსახვევებში სწრაფად შესვლის შესაძლებლობას აძლევდა. ამ მოდელით სენამ ოთხ რბოლაში იასპარეზა, რის შემდეგაც იგი Toleman TG184-ით ჩაანაცვლდა. ბოლიდი წლების განმავლობაში გუნდის საკუთრებაში დარჩა, 1990-იან წლებში კი პირველად გაიყიდა. მოგვიანებით ის გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა და კერძო კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

 

სარბოლო ბოლიდი კვლავ შესანიშნავ მდგომარეობაშია. მას შენარჩუნებული აქვს ქარხნული ნაწილები, მათ შორის გადაცემათა კოლოფის ბერკეტი და ისეთი დეტალიც კი, როგორიცაა ფეხის საყრდენზე შეცდომით დაწერილი სახელი — „Aryton“. კაპოტის ქვეშ Hart 415T-ის პერიოდის შესაბამისი ძრავაა მოთავსებული; მართალია, ის ორიგინალი (კონკრეტულად ამ შასის) არაა, თუმცა იდენტურია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლიდი ისტორიული ღონისძიებებისთვისაა ჰომოლოგირებული, შესაბამისად, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ისეთ შეჯიბრებებში, როგორიცაა, მაგალითად, მონაკოს ისტორიული გრან-პრი. RM Sotheby's-ის აუქციონი მონაკოში მაისში გაიმართება. ექსპერტთა ვარაუდით, ბოლიდის ღირებულება 2.8-დან 3.8 მილიონ ევრომდე მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები