მაიბახი, უნიკალური ავტომობილი, ლებრონ ჯეიმსი, მაიბახი ეს კლასი, მერსედეს მაიბახი ეს კლასი
Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსს უნიკალური V12 ძრავით აღჭურვილი Maybach-ი ჰყავს

ლებრონ ჯეიმსის კოლექციისთვის იშვიათი და ძვირად ღირებული ავტომობილები უცხო ნამდვილად არაა. NBA-ში თავისი კარიერის განმავლობაში კალათბურთელი ისეთი მოდელების საჭესთან გვიხილავს, როგორებიც Porsche 911 Turbo S და Lamborghini Aventador Roadster-ია. გამორჩეული მოდელების მიმართ სიყვარული ლებრონს არც წლების გასვლასთან ერთად განელებია და მისი უახლესი შენაძენი სწორედ ამის დასტურია.

Instagram-ზე Mercedes-Maybach-ის ოფიციალურმა გვერდმა კალათბურთელისა და მისი ახალი მოდელის ფოტოები გამოაქვეყნა. თქვენ წინაშე უნიკალური Mercedes-Maybach S 680-ია, რომელიც სპეციალურად ლებრონ ჯეიმსის მოთხოვნების შესაბამისადაა მოდიფიცირებული და V12 ძრავითაა აღჭურვილი.

ლებრონისთვის შექმნილი გერმანული მოდელის ღირებულება დაახლოებით 300 000 აშშ დოლარია, მაშინ როდესაც სტანდარტული ვერსიის ფასი 240 500 აშშ დოლარიდან იწყება. ავტომობილის პერსონალიზაციისთვის ლებრონმა Mercedes-ის ელიტური MANUFAKTUR „Made to Measure“ პროგრამა გამოიყენა. ეს სერვისი ავტომწარმოებლის ექსკლუზიურ VIP კლიენტებს საშუალებას აძლევს, თავიანთი Maybach-ი ყველა მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

S 680-ისთვის ლებრონმა ორფეროვანი დიზაინი შეარჩია — შავი ფერის ზედა ნაწილით, რომელიც MANUFAKTUR-ის ექსკლუზიურ ღია სპილოსძვლისფერთან კონტრასტს ქმნის. მხოლოდ ამ დიზაინით ავტომობილის შეღებვა 15 000-დან 20 000 აშშ დოლარამდე ჯდება. შესაბამისად, როგორც Mercedes-Maybach-ი გვეუბნება, „სრულყოფილება გარანტირებულია“. ამაზე მეტყველებს ლებრონის მოთხოვნების შესაბამისად სრულად შეცვლილი ინტერიერი და, რა თქმა უნდა, ის აგრეგატი, რომელიც კაპოტის ქვეშაა მოთავსებული. ეს ძრავა 6-ლიტრიანი Twin-Turbo V12 გახლავთ, რომელიც 620 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-Maybach-მა დაადასტურა, რომ ეს მანქანა, სინამდვილეში, „ლებრონ ჯეიმსის მიერ ინდივიდუალურად კონფიგურირებული ორი Mercedes-Maybach S-Class-იდან ერთ-ერთია“. ღია სპილოსძვლისფერი მოდელი მისი პირადი კოლექციისთვისაა განკუთვნილი, ხოლო მეორე ეგზემპლარს უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები