გზების რეაბილიტაცია, თბილისის მერია, რუსთაველის გამზირი, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
Aa
Aa

„რუსთაველის რეაბილიტაციისთვის 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება“ | „სმარტ სოლუშენსი“

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება - ამის შესახებ BM.GE-სთან პროექტის შემსრულებელი კომპანიის, "სმარტ სოლუშენსის" მმართველმა პარტნიორმა, ლევან გოგსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის თავდაპირველად დათქმულ ვადებში დასრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, მათ შორის - შეზღუდული სამუშაო არეალი, ადგილზე მომუშავე სხვა კონტრაქტორებთან კოორდინაციის აუცილებლობა და უშუალოდ პროექტში შესატანი ცვლილებები.

„მხოლოდ ჩვენი გათვლები არ არის საკმარისი, იმიტომ რომ, როგორც მოგეხსენებათ, აქ მარტო არ ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს ძალიან შეზღუდული არეალი, იმიტომ რომ ჩვენ გარდა კიდევ რამდენიმე კომპანია მუშაობს... ძალიან ბევრ ადგილას არ გვეძლევა საშუალება, რომ დავიწყოთ სამუშაოები და ვცდილობთ, რომ სინქრონულად, ამ სხვა კონტრაქტორებთან ერთად, რაღაცნაირად ვიმუშაოთ.

ვადა რაც ჩვენ გვაქვს დაწესებული, 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეზღუდულ არეალში ვმუშაობთ, რაღაც ცვლილებებსაც საჭიროებს პროექტი და ეს პროცესებიც უკვე დავიწყეთ. ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, რამდენი ხანი დაგვჭირდება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდულ ვადებში ვიმუშაოთ“, - აცხადებს ლევან გოგსაძე.

კომპანიის მმართველი პარტნიორის განმარტებით, ცვლილებები ძირითადად სანიაღვრე სისტემის ნაწილს და სამუშაო მასალებს ეხება. ამასთან, მცირედი კორექტირება იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელების გარე რეაბილიტაციის კუთხითაც.

როგორც გოგსაძე აღნიშნავს, ობიექტზე სამუშაოები შეუსვენებლად მიმდინარეობს, ხოლო პროცესის დაგეგმვა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, თუმცა ვადა თავიდანვე შეზღუდული იყო.

„თავიდანვე ძალიან შეზღუდული ვადა იყო და ამიტომაც გვიწევს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა. მართალი გითხრათ, სხვა ქვეყნის მაგალითებიც რომ ავიღოთ, არ მინახავს, სადმე 24-საათიან რეჟიმში იმუშაონ. თუმცა გვესმის, რომ ეს მოსახლეობისთვის დიდი დისკომფორტია. ვადა მართლაც შეზღუდულია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გადავაცილოთ ამ ვადებს“, - ამბობს ლევან გოგსაძე.

რაც შეეხება სამუშაო ძალას, "სმარტ სოლუშენსში" აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის კომპანიას მხოლოდ ადგილობრივი კადრები ჰყავს დასაქმებულნი და უცხოური სამუშაო ძალა პროექტში ჩართული არ არის.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები წესით ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

წყარო - BM.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები