ელექტრომობილები, ამერიკის შეერთებული შტატები, ტოიოტა
Aa
Aa

Toyota აშშ-ის ორ ქარხანაში $1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკისა და ინდიანას შტატებში მდებარე ქარხნების გასაფართოებლად $1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. Toyota-ს განცხადებით, გაფართოების გეგმები მოიცავს როგორც ახალი აღჭურვილობის შეძენას, ისე წარმოების მიზნებს სცილდება და ადამიანურ რესურსებში ინვესტირებასაც ითვალისწინებს.

Toyota-ს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული კრიტიკული სიტუაციის ფონზე. ამერიკის ტარიფები უცხოური მწარმოებლებისთვის ავტომობილების იმპორტსა და წარმოების ხარჯებს აძვირებს. პარალელურად კი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენით შექმნილი ნავთობის კრიზისი საწვავის ფასის ზრდის მიზეზად იქცა.

ინვესტიცია და ქარხნების გაფართოება იაპონურ კომპანიას კენტუკში რიგით მეორე ელექტრომობილის წარმოების დაწყებაში დაეხმარება. ასევე, Toyota-ს შესაძლებლობა ექნება, გაზარდოს ისეთი მოდელების წარმოების მასშტაბები, როგორიც Camry და RAV4-ია. იაპონელების გეგმაში ინდიანაში Grand Highlander-ის საწარმოო ხაზის გაფართოებაც შედის. ერთობლივად კი ეს ქმედებები მიუთითებს Toyota-ს განზრახვაზე — გაზარდოს აშშ-ში წარმოება იმ დროს, როდესაც ინდუსტრიის დიდი ნაწილი ქვეყანაში ელექტრიფიკაციას აფერხებს.

ინვესტიცია დაანონსდა მას შემდეგ, რაც წინასწარი შეფასებებით Toyota აშშ-ის ტარიფების ყველაზე დიდ „მსხვერპლად“ დასახელდა. გამოცემა Automotive News-ის ინფორმაციით, ტარიფებით გამოწვეული ხარჯი ყველაზე მაღალი, სავარაუდოდ, იაპონური Toyota-სთვის იქნება და 2026 ფისკალური წლის დასასრულს (31 მარტი) 1.45 ტრილიონ იენს, შესაბამისად — $9.1 მილიარდს მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

ამავდროულად, Toyota-მ $4 მილიონზე მეტი გრანტის გამოყოფა დაადასტურა ადგილობრივი სკოლებისა და სამუშაო ძალის გადამზადებისთვის. ინვესტიცია STEM განათლებისა და ტრენინგების მიმართულებითაა გათვლილი და მაღალტექნოლოგიური წარმოების პოზიციებისთვის შესაბამის კადრებს გადაამზადებს. ეს ინიციატივაც კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიას უკავშირდება, რომლის მიზანიც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ოპერაციებში $10 მილიარდის დაბანდებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები