აუქციონი, როდსტერი, ლოტუსი, კია, ლოტუს ელანი, კია ელანი, კია ვიგატო
Aa
Aa

ოდესღაც Kia როდსტერს აწარმოებდა — ახლა ერთ-ერთი მათგანი აუქციონზე იყიდება

Kia-ს ამჟამინდელი საწარმოო ხაზი თითქმის ყველა სეგმენტს ფარავს, თუმცა არის ერთი მიმართულება, რომელსაც კორეული ბრენდი იშვიათად ეხება — ნამდვილი სპორტული ავტომობილები. აქ არ იგულისხმება სწრაფი სედანები ან მძლავრი ქროსოვერები, არამედ დაბალი, მსუბუქი და ორადგილიანი როდსტერები. თუმცა, 90-იან წლებში არსებობდა მცირე პერიოდი, როცა Kia ზუსტად ასეთ მოდელს ყიდდა.

გაიცანით Kia Vigato — ავტომობილი, რომელიც რეალურად რებრენდირებული Lotus Elan M100-ია. ამ იშვიათი მოდელის ერთ-ერთი ეგზემპლარი ამჟამად აუქციონზეა გამოტანილი და მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.

როგორ იქცა Lotus-ი Kia-დ?

ჰო, საინტერესო კითხვაა, თუმცა ყველაფერი საკმაოდ მარტივად არის — მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა Lotus-მა Elan-ის წარმოება შეწყვიტა, კორეულმა ავტომწარმოებელმა მოდელის საწარმოო ხაზი და უფლებები შეიძინა, რათა ავტომობილისთვის ახალი სული საკუთარი სახელით შთაებერა. სამხრეთ კორეაში მას Kia Elan ერქვა, ხოლო იაპონიის ბაზარზე Kia Vigato-ს სახელით იცნობდნენ. 

კონკრეტული მოდელი, რომელიც ახლა იყიდება, სწორედ იაპონიიდან კანადაში 2022 წელს იმპორტირებული ეგზემპლარია. მას თეთრი კორპუსი, შავი რბილი სახურავი და 16-დუიმიანი OZ Racing-ის დისკები აქვს. მოდელის გარბენი 30 წლის ავტომობილისთვის გასაოცრად მცირეა — მხოლოდ 53 000 კილომეტრი...

Vigato 1.8-ლიტრიანი ატმოსფერული ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 151 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ხუთსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის შეწყვილებული. ტრადიციული როდსტერებისგან განსხვავებით, ეს მოდელი წინაამძრავიანია, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რატომაც მან პოპულარობა Lotus-ის ფანებში დიდად ვერ მოიპოვა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ავტომობილი მაინც იყენებს Lotus-ის საფირმო დამოუკიდებელ დაკიდების სისტემას (double-wishbone), რაც მას მართვის გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს. 

ავტომობილის სალონი 90-იანების რეტრო სტილს ასხივებს — შავი სავარძლები ფერადი ჩანართებით, Mitsubishi-ს ბრენდის ორიგინალი მაგნიტოფონი და MOMO-ს საჭე. საინტერესოა, რომ წინა მფლობელმა Kia-ს ლოგოები Lotus-ის ნიშნებით შეცვალა, რაც ხშირად ხდება ამ მოდელის შემთხვევაში.

ამ დროისთვის აუქციონზე მაქსიმალური ფსონი მხოლოდ 7 100$-ს შეადგენს — ეს ავტომობილი რბოლებს ვერ მოიგებს, მაგრამ თავისი უნიკალური ისტორიითა და ვიზუალით ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოხვდება. ეს არის იდეალური შანსი კოლექციონერებისთვის, დაეუფლონ ბრიტანული ინჟინერიისა და კორეული ამბიციის იშვიათ ნაზავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები