GTA VI-ის გამოსვლამდე ერთი თვე დარჩა | Rockstar-მა თამაშის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა
Rockstar Games-მა Grand Theft Auto VI-ის ახალი, დაახლოებით 90-წამიანი ტრეილერი გამოაქვეყნა. ტრეილერი, რომელიც ლეგენდარული თამაშის ოფიციალურ პრემიერამდე თითქმის ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა, მთავარ პერსონაჟებს, ჯეისონსა და ლუსიას, ასევე GTA-ს გამოგონილ სამყაროს გვიჩვენებს.
GTA-ს ახალ ტრეილერში ტრადიციულად სამოქმედო არეალი, ავტომობილები და თამაშის კრიმინალური სამყაროს ახალი კადრები ჩანს. ვიდეო ჯეისონის ისტორიით იწყება, როდესაც ის არმიიდან წამოსვლის რთულ პერიოდზე საუბრობს. შემდეგ კი ჩნდება ლუსია, რომელიც, როგორც ჩანს, მას ციხიდან უკავშირდება.

წინა ვიდეოების მსგავსად, Rockstar-ი ახალ ტრეილერშიც თამაშის ატმოსფეროზე ამახვილებს ყურადღებას და არა უშუალოდ გეიმპლეიზე. მიუხედავად ამისა, ვიდეოში სტუდიამ არაერთი აქამდე გამოუქვეყნებელი კადრი შემოგვთავაზა, მაშინ, როდესაც თამაშის სიუჟეტის დეტალების დიდი ნაწილი კვლავ საიდუმლოდ რჩება.
ვიდეოს ფრანგული ელექტრონული დუეტის, Justice-ის, ახალი კომპოზიცია ადევს — Flower in a Hurricane, რომელშიც Tame Impala, SZA და King Gizzard & The Lizard Wizard მონაწილეობენ. ტრეკი მუსიკალური ალბომის, Grand Theft Auto VI: The Album-ის, ნაწილია, რომელიც თამაშის ოფიციალურ საუნდტრეკებს გააერთიანებს.
ეს კი, სავარაუდოდ, Rockstar-ის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბოლო ტრეილერია, მანამ, სანამ თამაში უკვე ოფიციალურად გამოვა. ამ წლის აგვისტოში კომპანიამ უფრო ვრცელი ვიდეოც წარადგინა, რომელშიც GTA-ს სამყარო და სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის სარბოლო ტრასები და ავტომობილები, დეტალურად იყო ნაჩვენები.
გამოდის, რომ ლოდინი, რომელიც წლები გაგრძელდა, ერთ თვეში დასრულდება და მოთამაშეებს Vice City-ში დაბრუნებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა რჩებათ. Grand Theft Auto VI-ის გამოსვლა 2026 წლის 19 ნოემბერს არის დაგეგმილი. თამაში თავდაპირველად PlayStation 5-სა და Xbox Series X|S-ზე გამოვა. კომპიუტერული ვერსიის გამოშვების თარიღი კი Rockstar-ს ჯერ არ დაუსახელებია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს