ელექტრომობილი, ჩინეთი, ბივაიდი, მანჩესტერ სიტი, პეპ გვარდიოლა, ბივაიდი სილაიონ 7
Aa
Aa

BYD-ის გამონაკლისი მხოლოდ გვარდიოლასთვის | რატომ ისურვა პეპმა მეორე ჩინური EV-ი?

საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩინურ ბრენდთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარე წელს უკვე BYD-ის მეორე ელექტრომობილი მიიღო. ეს ერთგვარი გამონაკლისია, რომელიც, წესით, მხოლოდ პეპისთვის დაუშვეს, რადგან გვარდიოლას მანქანა იმდენად მოეწონა, რომ კლუბს მეორე ასეთივე სთხოვა ბარსელონაში გამოსაყენებლად.

გამოდის, რომ ჩინურმა BYD-მა პეპის სახით საკმაოდ კმაყოფილი „ამბასადორი“ იპოვა, რომელმაც მშობლიურ ქალაქშიც ამ მოდელით გადაადგილება ისურვა. ეს მოდელი კი BYD Sealion 7 გახლავთ — ჩინური ელექტრომობილი, რომლითაც კმაყოფილება საფეხბურთო კლუბის ესპანელ მენეჯერს არც მეორე ავტომობილის მიღების დროს, ადგილობრივ სადილეროში დაუფარავს.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

„[ავტომობილი] იმდენად მომეწონა, რომ ვიკითხე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, ეს მოდელი ბარსელონაშიც მყოლოდა. დღეს კი ეს სურვილი რეალობად იქცა“, — განაცხადა პეპმა თავის უჩვეულო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ინგლისური კლუბის დამკვიდრებულ პრაქტიკაში ახლა უკვე გამონაკლისად ჩაიწერა.

ამის შემდგომ გვარდიოლამ თითქმის 40 წუთი გაატარა BYD-ის სერვისმენეჯერთან, რათა თავისი ახალი ელექტრომობილის ყველა ფუნქცია შეესწავლა. მათ შორის ის შესაძლებლობები, რომლებსაც BYD თავისი საინფორმაციო-გასართობი ეკრანის საშუალებით მძღოლებს სთავაზობს. პეპმა ელექტრომობილის სხვა მახასიათებლებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა კარის წონა და სიმყარე დახურვისას.

რეალურად რომ ვთქვათ, ეს მოდელი უფრო მეტად საოჯახო ტიპის, დიდი ზომის ელექტრო SUV-ია, რომელიც კატალონიელ მწვრთნელს, საჭიროებისამებრ, ქალაქისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისას წაადგება. ელექტრომობილი 530 ცხენის ძალას გამომუშავებს, რომელსაც ოთხივე ბორბალზე თანაბრად ანაწილებს, 100 კმ/სთ-მდე კი სულ რაღაც 4.5 წამში ჩქარდება.

ბატარეა Sealion 7-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. მისი სიმძლავრე 91.3 კვტ/სთ-ია და თავად ბრენდის მიერ შემუშავებულ Blade Battery ტექნოლოგიას იყენებს. შედეგად, ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით 500 კილომეტრზე მეტს ფარავს, ხოლო 10%-დან 80%-მდე, შესაბამის პირობებში, დაახლოებით 24 წუთში იმუხტება. სალონში 15.6-ინჩიანი ცენტრალური ეკრანია განთავსებული, რომელიც ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად დგება. დამატებით, ელექტრომობილი 360-გრადუსიანი კამერებითა და ADAS-ის სისტემითაა აღჭურვილი.

Sealion 7-ის Excellence AWD მოდიფიკაციის ოფიციალური ღირებულება ესპანეთის ბაზარზე 54 390 ევროა, თუმცა ელექტრო SUV-ის ღირებულება Comfort-ის ვერსიით დაახლოებით 48 ათასი ევროდანაც იწყება.

მსგავსი სიახლეები