მერსედეს ბენცი, მერსედეს ჯი კლასი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯი კლასი
Aa
Aa

რონალდუს ავტოფარეხს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული G-Wagon-ი შეემატა

პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გატაცება იშვიათი და მდიდრული ავტომობილებით არავის უკვირს, რასაც მისი ავტოფარეხიც მოწმობს. ფეხბურთელის წლიური შემოსავალი დაახლოებით $200 მილიონს შეადგენს, რაც მას საშუალებას აძლევს, არ თქვას უარი იმ ჰიპერქარებსა და ექსკლუზიურ ავტომობილებზე, რომელთა შეძენაც მოუნდება. საბოლოოდ კი, ზოგჯერ მათი რაოდენობაც კი ავიწყდება...

ასევე დაგაინტერესებთ: კრიშტიანუ რონალდუს ეგზოტიკური ავტოფარეხი

ამჟამად, „რეალ მადრიდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თვალი, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ Mercedes-AMG G-Class-ს დაადგა. აღნიშნული მოდელი სუპერექსკლუზიურია და მხოლოდ 20 ეგზემპლარადაა დამზადებული; აღნიშნულ მოდელებს ღია სახურავი აქვთ, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ მოდელის დიზაინი რონალდუს ამჟამინდელი საფეხბურთო კლუბის ფერებში იქნება გადაწყვეტილი. ამას თუ G-Wagon-ის სხვა შესაძლებლობებსაც დავუმატებთ, პორტუგალიელის მიერ მისი შეძენა, ალბათ, გარდაუვალიც კი იყო.

პროექტზე მდიდრული ავტომობილების დილერმა, Refined Marques-მა იმუშავა. მოდელი, რომელიც ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი და CR7-ის კარის ზღურბლის ზესადებიც კი აქვს, მიწოდებისთვის მზადაა. როგორც გითხარით, მისი წარმოება მსოფლიოში მხოლოდ 20 ერთეულით შემოიფარგლება და თითოეული მათგანის ფასი დაახლოებით $1.32 მილიონია.

კაპოტის ქვეშ G63-ის 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავაა მოთავსებული, რომელიც 577 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე კი 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით ოთხივე ბორბალზე ნაწილდება.

საინტერესოა, რომ ამ ავტომობილის შექმნის იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ხუთი წლის შვილი დაინტერესდა, შესაძლებელი იყო თუ არა Brabus G700-ს რბილი სახურავი ჰქონოდა. G63 Cabriolet-ის შექმნას 18 თვე დასჭირდა. პროექტზე გერმანიაში „ფორმულა 1“-ისა და სუპერქარების ინჟინერთა გუნდი მუშაობდა.

სახურავის მოხსნა მხოლოდ სპეციალური საკეტის გათავისუფლებითაა შესაძლებელი, რის შემდეგაც მძღოლმა მუხრუჭის პედალს და შესაბამის ღილაკს უნდა დააჭიროს. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ სახურავის გადაწევა არა მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში, არამედ ავტომობილის მოძრაობის დროსაც შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები