Ford-ი ჩინურ Geely-ს ევროპულ საწარმოო ხაზს მიჰყიდის
Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლი, გამუდმებით საუბრობს ჩინური ავტომწარმოებლების მხრიდან მომავალ მზარდ კონკურენციასა და საფრთხეებზე. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა მასაც კი სტრატეგიის შეცვლა უწევს და ჩინელებთან თანამშრომლობას იწყებს.

ესპანური გამოცემა La Tribuna de Automoción-ის ცნობით, Geely-მ Ford-ის კუთვნილ ვალენსიის ქარხანაში საწარმოო ხაზის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია ამ ობიექტს „მრავალენერგეტიკული“ ტიპის ავტომობილების საწარმოებლად გამოიყენებს. ეს გულისხმობს უნივერსალურ პლატფორმას, რომელიც მწარმოებელს საშუალებას აძლევს, ერთი და იმავე მოდელის სხვადასხვა ვერსია — შიგაწვის ძრავით, ჰიბრიდული ან სრულად ელექტრონული სისტემით — ერთ ხაზზე ააწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
გამოცემის თანახმად, ახალ ავტომობილზე ბევრი რამ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შიდა დოკუმენტებში მოდელი კოდური სახელით — „135“ ფიგურირებს. ვარაუდობენ, რომ ეს არის კომპაქტური კროსოვერი Geely EX2, რომელიც ბაზარზე ჰიბრიდული (მათ შორის Plug-in) და ელექტრო ვერსიებით გამოვა.
ამ „იდუმალი“ მოდელის სავარაუდო ზომებია: 4.135 მეტრი სიგრძე, 1.805 მეტრი სიგანე და 1.570 მეტრი სიმაღლე, ხოლო ბორბლებს შორის ბაზა 2.650 მეტრს შეადგენს. ავტომობილი აღჭურვილი იქნება 30.1 და 40.1 კვტ/სთ ტევადობის ბატარეებით, რაც CLTC ციკლით 310-დან 410 კმ-მდე დიაპაზონს უზრუნველყოფს. უკანა მხარეს დამონტაჟებული ელექტროძრავის სიმძლავრე კი 79-დან 116 ცხენის ძალამდე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობა ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა, არსებობს ვარაუდი, რომ იმავე პლატფორმაზე დაფუძნებულ ავტომობილს თავად Ford-იც მიიღებს. პოტენციურად, ის შესაძლოა პოპულარული მოდელის, Puma-ს მემკვიდრე გახდეს, რადგან ორივე ავტომობილის გაბარიტები თითქმის იდენტურია.
თავად Ford-ი განცხადებებში სიფრთხილეს იჩენს: „ჩვენ გამუდმებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან; ზოგჯერ ეს რეალობად იქცევა, ზოგჯერ — არა“. ანალოგიურად, Geely Europe-ის წარმომადგენელმა გამოცემა Automobilwoche-სთან აღნიშნა, რომ სპეკულაციებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვალენსიის შეთანხმება პრაქტიკულად გადაწყვეტილია.