ადრიან ნიუი F1-ს თავისი ახალი €5.8-მილიონიანი ჰიპერქარით უპირისპირდება
ლეგენდარული ავტოდიზაინერი ადრიან ნიუი „ფორმულა 1“-ს თავისი ახალი შედევრით, 1 200 ცხენის ძალის მქონე მონსტრით უპირისპირდება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 6 მილიონ ევროს მიაღწევს. თქვენ წინაშე RB17-ია, Red Bull Advanced Technologies-ის ჰიპერქარი, რომელიც ნიუის ზედამხედველობის ქვეშ შეიქმნა და, როგორც ბრიტანელი პროფესიონალი გვპირდება, ტრეკისთვის ოდესმე შექმნილ ავტომობილებს შორის ყველაზე ექსტრემალურიც იქნება.
წინასწარი სიმულაციების შედეგებით, ნიუის ჰიპერქარმა Spa-Francorchamps-ზე Formula 1-ის ბოლიდების მაჩვენებლებიც კი გააუმჯობესა. როგორც ირწმუნებიან, RB17-ს ბელგიის წრის დაფარვა 2025 წლის F1-ის პოულ-პოზიციის დროზე 1-2 წამით სწრაფად შეუძლია!

თუმცა ეს წარმოუდგენელი შედეგებიც რომ უკან გადავდოთ, არანაკლებ საინტერესო ამ მოდელის შექმნის ისტორიაა. როგორც Red Bull F1-ის ყოფილმა დიზაინერმა, რობ გრეიმ ბრიტანულ გამოცემა Autocar-ს განუცხადა, „მან [ნიუიმ] ავტომობილი შობის ერთ საღამოს დახატა მაშინ, როდესაც მოწყენილი იყო“.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოდელი, რომელიც მილტონ კინსში Red Bull Technologies-ის მიერ შეიქმნა, ნიუის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის, Aston Martin Valkyrie-ს პირდაპირი კონკურენტი იქნება. და ალბათ გასაკვირიც არაა, რომ მსგავს მოდელს კვლავ ნიუის ქმნილება თუ გაუწევდა ღირსეულ კონკურენციას.
წინასწარი სიმულაციებით, RB17 ბელგიის წრეს დაახლოებით 1 წუთსა და 38 წამში გადის და, შედეგად, უფრო სწრაფია, ვიდრე 2025 წლის პოულზე McLaren-ის ბოლიდის საჭესთან მყოფი ლანდო ნორისი იყო.

დადასტურდება თუ არა ოფიციალურად ეს დრო, ამას მხოლოდ ტრეკზე ტესტირებების დაწყების შემდეგ გავიგებთ, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ შესაძლებლობებით RB17 ნამდვილი მონსტრი იქნება. მოდელი Cosworth-ის მიერ შემუშავებული V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დამოუკიდებლად 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო დამატებით 200 ცხენის ძალით ნიუის ჰიპერქარს ელექტროძრავა უზრუნველყოფს. სიმძლავრე Xtrac-ის გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებზე ნაწილდება.
კარბონისგან დამზადებული 2-ადგილიანი ჰიპერქარი 1 000 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, თუმცა ინჟინრების გუნდის მიზანი მისი 900 კილოგრამამდე შემცირებაა. შედეგად, მივიღებთ ულტრამსუბუქ ჰიპერქარს, რომელიც მარტივად შეძლებს 350 კმ/სთ-ს გადააჭარბოს.

მსგავსი მონაცემების მქონე ავტომობილს კი შესაბამისი ფასიც აქვს: არანაკლებ ხუთი მილიონი ფუნტი სტერლინგი, დაახლოებით 5.8 მილიონი ევრო. თუმცა მათთვის, ვისთვისაც ფული პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარი დაბრკოლება ამ მოდელის ექსკლუზიურობა იქნება, რადგან ჰიპერქარი სულ 50 ეგზემპლარად შეიქმნება. ასე რომ, დაინტერესებულმა პირებმა სჯობს იჩქარონ, თუ გრან-პრის მიღმა F1-ის გამოცდილების მიღების სურვილი აქვთ.