განსხვავდება თუ არა რეალურად ერთმანეთისგან Lexus-ისა და Toyota-ს ძრავები?
როდესაც მყიდველები Toyota-სა და Lexus-ის მოდელებს ადარებენ, ხშირად ჩნდება კითხვა — რეალურად რაში იხდიან ზედმეტ თანხას და იმალება თუ არა კაპოტქვეშ განსხვავებული აგრეგატები? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რომელ მოდელზე ვსაუბრობთ.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
საიდუმლო არ არის, რომ იაპონური ავტომწარმოებელი მასობრივი წარმოებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად ძირითად აგრეგატებსა და პლატფორმებს ბრენდებს შორის აქტიურად „აზიარებს“. შედეგად, Lexus-ის სედანების, ქროსოვერებისა და ჯიპების უმეტესობა ზუსტად იმავე ძრავებს იყენებს, რასაც მათი Toyota-ს ანალოგები. ამის კლასიკური მაგალითია 2.5-ლიტრიანი ატმოსფერული, ჰიბრიდული 4-ცილინდრიანი ძრავა, რომელიც Toyota RAV4-სა და Lexus NX 350h-ში, ასევე Toyota Camry-სა და Lexus ES ჰიბრიდებში გვხვდება.
აი 2.4-ლიტრიან ტურბინიან ძრავას კი Toyota Grand Highlander-ი და Lexus TX 350-ი ინაწილებენ. 3.4-ლიტრიანი Twin Turbo V6 ძრავა, რომელიც Tundra-სა და Sequoia-ში გვხვდება, ასევე გამოიყენება Lexus-ის SUV-ებში, GX-სა და LX-ში.

მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ძრავის ბლოკი და ძირითადი არქიტექტურა საერთოა, ბრენდები მათ განსხვავებულ ელექტრონულ კალიბრაციასა და პარამეტრებს უყენებენ, რის გამოც სიმძლავრე და მუშაობის ხასიათი გარკვეულწილად განსხვავებულია. გარდა ამისა, Lexus-ის მოდელები გამოირჩევა გაუმჯობესებული ხმის იზოლაციით, მდიდრული მასალებითა და დაკიდების უნიკალური პარამეტრებით, რაც მართვის სრულად განსხვავებულ კომფორტს ქმნის.
ექსკლუზიური ძრავები, რომლებიც მხოლოდ Lexus-ს აქვს
მიუხედავად ძირითადი ხაზის გაზიარებისა, Lexus-ს ჰქონდა და აქვს სრულიად უნიკალური, მაღალწარმოებითი და ფლაგმანური ძრავები, რომლებიც Toyota-ს ემბლემიანი მოდელებისთვის არასოდეს ყოფილა ხელმისაწვდომი —
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ლეგენდარული სუპერქარის — Lexus LFA-ის 4.8-ლიტრიანი, ატმოსფერული V10 ძრავა, რომელიც Yamaha-სთან თანამშრომლობით შეიქმნა და თითოეული მათგანი იაპონელი ოსტატების მიერ ხელით აეწყო. შედარებით მაღალი ტირაჟით კი 5-ლიტრიანი V8 ძრავა (2UR-GSE) გამოვიდა, რომელმაც IS F-ი, RC F-ი, GS F-ი და LC 500 „შეაიარაღა“.
შეჯამების სახით, ყოველდღიურ სედანებსა და ქროსოვერებში Lexus-ი და Toyota ხშირად ერთსა და იმავე საიმედო მექანიკურ ბაზას იყენებენ, თუმცა პრემიუმ ბრენდი უზრუნველყოფს სრულყოფილ დიზაინს, ინტერიერსა და დინამიკურ დახვეწილობას. ხოლო სპორტულ სეგმენტში Lexus-ს ექსკლუზიური, უმაღლესი კლასის აგრეგატები გამოარჩევს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს