Rimac Nevera-ს წარმოება ნაადრევად სრულდება | ელექტროჰიპერქარის მხოლოდ 71 ეგზემპლარი გამოუშვეს
თავდაპირველად, ხორვატიული კომპანია Nevera-ს 150 ერთეულის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა მატე რიმაცის თქმით, ელექტროჰიპერქარმა თავისი მისია უკვე შეასრულა.
Rimac Nevera-ს წარმოება დაგეგმილზე ადრე სრულდება. ხორვატიული მწარმოებელი Nevera R-ის ბოლო 10 ეგზემპლარს აწყობს, რომლებიც მფლობელებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემათ. ამის შემდგომ კი მოდელის წარმოება შეწყდება.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მატე რიმაცმა, განაცხადა, რომ Rimac Automobili-მა 2022 წელს, მომხმარებლისთვის მოდელის პირველი ეგზემპლარის მიწოდებიდან დღემდე, სულ 71 ერთეული Nevera გამოუშვა. აქედან 51 სტანდარტული ვერსიაა, ხოლო 20 — უფრო მძლავრი Nevera R.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, მომავალი Nevera-ს პროტოტიპის, C Two-ს წარდგენის დროისთვის, თავდაპირველი გეგმითაც 150 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმებოდა. საბოლოოდ კი მწარმოებელმა გამოცხადებულ რაოდენობაზე შესამჩნევად ცოტა ეგზემპლარი გამოუშვა, თუმცა, როგორც თავად მატე რიმაცი ამბობს, შედეგით კმაყოფილია.

„ვფიქრობ, რომ ეს მაინც საკმაოდ კარგი შედეგია. Nevera მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტროჰიპერქარია. მის გარეშე დღეს არც Bugatti Tourbillon-ი იქნებოდა და არც ეს ქარხანა. ასე რომ, მან თავისი საქმე შეასრულა. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო ავტომობილია, რომელიც ისტორიაში თავის ადგილს დაიკავებს. მადლობა ყველა მფლობელს, რომლებიც ამ განსაკუთრებული მოგზაურობის ნაწილად იქცნენ“, — განაცხადა რიმაცმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ Rimac Nevera პირველად 2018 წელს, C Two-ს სახელით წარადგინა. ავტომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა კომბინირებული სიმძლავრე 1 914 ცხენის ძალას აღწევს. ჰიპერქარი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 1.85 წამს ანდომებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 415 კმ/სთ-ზე აღწევს. სერიული წარმოებისთვის განკუთვნილი მოდელი კი უკვე 2021 წელს წარადგინეს.
Nevera R კი ელექტროჰიპერქარის უფრო მძლავრი ვერსიაა და ბევრად შთამბეჭდავი მონაცემებითაც გამოირჩევა. ამ მოდელის შემთხვევაში ოთხი ელექტროძრავიდან წამოსული ჯამური სიმძლავრე 2 107 ცხენის ძალას აღწევს და 100 კმ/სთ-მდე 1.74 წამში ჩქარდება. 200 კმ/სთ-ს ავტომობილი 4.38 წამში, ხოლო 300 კმ/სთ-ს — 8.66 წამში აღწევს. დაახლოებით 402-მეტრიან დისტანციას კი 8.23 წამში გადის.

Rimac-ის მომავალი ახლა მხოლოდ ჰიპერქარებს აღარ უკავშირდება. Rimac Group-მა საქმიანობა მნიშვნელოვნად გააფართოვა და დღეს მხოლოდ ჰიპერქარების წარმოებით აღარ შემოიფარგლება. კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა Rimac Technology, რომელიც ელექტრომობილებისთვის მოწინავე კომპონენტებს, მათ შორის, ელექტროძრავებისა და ბატარეების სისტემებს, ავითარებს და აწარმოებს.
Rimac Group-ს ასევე წილი აქვს Bugatti-სთან ერთად 2021 წელს დაფუძნებულ საწარმოში, Bugatti Rimac-ში. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგია Bugatti Tourbillon-ი, ჰიბრიდული ჰიპერქარი, რომელიც სამი ელექტროძრავითა და ატმოსფერული 8.3-ლიტრიანი V16-ითაა აღჭურვილი. მოდელის ჯამური სიმძლავრე 1 800 ცხენის ძალას აღწევს.

Rimac-ის კიდევ ერთი პროექტია Verne — ავტონომიური რობოტაქსი, რომელიც კონცეფციით Tesla Cybercab-ს ჰგავს. Rimac-მა Verne 2024 წელს წარადგინა. ავტონომიური სატრანსპორტო სერვისის შეთავაზება კი მიმდინარე წელს დაიწყო.
ასე რომ, Nevera-ს წარმოების დასასრული Rimac-ის საქმიანობის დასასრულს არ ნიშნავს. პირიქით, ამ მოდელმა კომპანიას საშუალება მისცა, ელექტროჰიპერქარების მწარმოებლიდან გაცილებით ფართო ტექნოლოგიურ და საავტომობილო ჯგუფად გარდაქმნილიყო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს