მერსედესი, მერსედეს ჯი-კლასი, მენსორი, ტუნინგი, გელენდვაგენი
Aa
Aa

Mansory-ს მორიგი მუტანტი | G-Wagen-ი, რომელიც აკვარიუმს ჰგავს

(არც ისე გემოვნებიანი) საავტომობილო ეგზოტიკის მოყვარულებისთვის მომავალი თვე განსაკუთრებული იქნება, რადგან Top Marques Monaco-ზე Mansory თავისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის — Mansory Azura-ს წარდგენას გეგმავს.

ეს Mercedes G-Class-ის რადიკალური ტრანსფორმაციაა, რომელიც ლეგენდარულ გელენდვაგენს ორკარიან კაბრიოლეტად აქცევს. ასეთი „გაბედული“ ნაბიჯის გადადგმა ალბათ თავად AMG-საც კი გაუჭირდებოდა, რადგან ოთხკარიანი SUV-ის ბაზის დამოკლება და მისი ღია ვერსიად გადაკეთება უდიდეს საინჟინრო ძალისხმევას მოითხოვს.



ავტომობილის ექსტერიერი შთამბეჭდავია თავისი ფართო ფრთებით, აგრესიული წინა მხარითა და ახალი შორი განათების LED ფარებით. Mansory-მ მას Rolls-Royce-ის სტილის „თვითმკვლელი“ კარები და თეთრი ნაჭრის სახურავიც დაუმატა, რაც მანქანას კიდევ უფრო მდიდრულ (და გადაპრანჭულ) იერს სძენს. თუმცა, ნამდვილი შოკი სალონში შესვლისას გელოდებათ: ინტერიერი თითქმის სრულად არის დაფარული ფირუზისფერი ტყავით, რაც მგზავრებს ისეთ განცდას უქმნის, თითქოს ოკეანარიუმის გვირაბში იმყოფებიან (და იქიდან სასწრაფოდ უნდათ გამოსვლა). იმ ადგილებში, სადაც ტყავი არ არის გამოყენებული, ნახავთ ნახშირბადის ბოჭკოს დეტალებს ლურჯი ჩანართებით.


უყურადღებოდ არც ტექნიკური მხარეა დატოვებული. სტანდარტული 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა Mansory-მ ახალი ტურბინებითა და გამოსაბოლქვი სისტემით აღჭურვა, რის შედეგადაც სიმძლავრე 820 ცხენის ძალამდე, ხოლო მაბრუნი მომენტი 1 150 ნიუტონ-მეტრამდე გაიზარდა.

ეს გიგანტური კაბრიოლეტი 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 4 წამში ავითარებს. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ჯერ ოფიციალურად არ სახელდება, აშკარაა, რომ საუბარია ექვსნიშნა ციფრზე, რომლის გადახდასაც მხოლოდ ერთეული, ყველაზე გამბედავი (და ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები) კოლექციონერები შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები