ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიუაიდი, ტარიფები, ბივაიდი, გილი
Aa
Aa

რა ხდება მაშინ, როდესაც ჩინურ ავტომობილებზე ტარიფები არ მოქმედებს?

2026 წლის პირველ ნახევარში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის ბაზარზე — და არა მარტო — საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა ყოველკვირეული 25-ცენტიანი ნახტომი, რამაც ეროვნული საშუალო მაჩვენებელი $4.51-მდე აიყვანა. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა არაა — მსგავსი შედეგი თითქმის ყველა ქვეყანაში მივიღეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

შექმნილი ვითარების საპასუხოდ, გაიზარდა მოთხოვნაც ელექტრომობილებზე. მაგალითად, კვლევითი ფირმა Benchmark Mineral Intelligence-ის მონაცემებით, ლათინურ ამერიკაში, ასევე აფრიკისა და აზიის დიდ ნაწილში, ელექტრომობილების გაყიდვები მარტში, წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79%-ით გაიზარდა. ბაზრების იმავე ჯგუფმა სრული 2025 წლის განმავლობაში 48%-იანი მატება დააფიქსირა.

ამ მხრივ კოსტა-რიკა ერთ-ერთი ლიდერია. ბენზინის საშუალო ფასი აქ ლიტრზე 1.61 დოლარია მაშინ, როდესაც გლობალური საშუალო მაჩვენებელი $1.46-ია. ასე რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ [The New York Times-ის თანახმად] კოსტა-რიკელები ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტ ელექტრომობილს ყიდულობენ, ვიდრე დასავლეთ ნახევარსფეროს თითქმის ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ჩინურმა ბრენდებმა კი, როგორებიცაა Geely და BYD, ბაზარი სწრაფად დაიპყრეს. 2026 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების 18% ელექტრომობილი იყო.

კოსტა-რიკის საკანონმდებლო ასამბლეის წევრ კატია კამბრონეროს განცხადებით: „...ეს კოსტა-რიკას ენერგეტიკულ სუვერენიტეტს ანიჭებს“. ეს ნიშნავს, რომ კოსტა-რიკა ნაკლებადაა დამოკიდებული ნედლი ნავთობის იმპორტსა და, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მის მერყევ ფასებზე. საინტერესოა, რომ კამბრონეროს ინიციატივით, ქვეყანაში საჯარო დასამუხტი სადგურების გაფართოების ტემპიც დაჩქარდა.

კოსტა-რიკა იდეალური მაგალითია იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე შეზღუდვები არ არსებობს. მაშინ, როცა აშშ-ის ბაზარი მათთვის ფაქტობრივად დაკეტილია, სხვა ქვეყნებში BYD, MG და Geely თავისუფლად ოპერირებენ და ბაზარზეც დომინირებენ.

Asomove-ის გამოკითხვაში მომხმარებელთა 70%-მა ელექტრომობილებზე გადასვლის მთავარ მიზეზად ფასები დაასახელა. გამოდის, რომ ისინი EV-ებზე გადავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტრომობილის მართვა ბევრად იაფი უჯდებოდათ და ხარჯებსაც ზოგავდნენ. ცნობისთვის, კოსტა-რიკაში სულ მცირე სამი ჩინური მოდელი იყიდება, რომელთა ფასი $20 000-ის ეკვივალენტზე ნაკლებია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კოსტა-რიკელებს ძირითადად მოკლე დისტანციებზე გადაადგილება უხდებათ. ქალაქის საცობების გათვალისწინებით კი — რაც „უმიზნოდ“ გამოყენებული ბენზინის მოცულობასაც მკვეთრად ზრდის — ელექტრომობილები ბევრად ნაკლებხარჯიანი უნდა იყოს. დამატებით კი, 2018 წლიდან ელექტრომობილების გაყიდვების წახალისებისთვის სუბსიდიებიც მოქმედებს.

თუმცა ყველაფერი ისეთი მარტივიც არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვერ ეწევა, ასევე ტურისტულ ზონებში დამონტაჟებული სადგურების ნაწილი გამოუყენებელი რჩებოდა, რადგან ჩინურ ელექტრომობილებს ვერ ერგებოდა. არსებობს კითხვები ელექტროგადამცემი ქსელის გამძლეობასთან დაკავშირებითაც...

მიუხედავად ამისა, კოსტა-რიკის მოსახლეობა მარტო ნამდვილად არაა, რადგან თითქმის მთელი მსოფლიო ერთი და იმავე დასკვნამდე მიდის: იაფი ჩინური ელექტრომობილი უფრო გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებაა, ვიდრე მისი ძვირად ღირებული ვარიანტები. ამ დასკვნამდე კი მათ, რა თქმა უნდა, მზარდი ხარჯები უბიძგებთ, რის გამოც ახალი ავტომობილის შეძენის დროსაც შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტებს ეძებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები