საკოლექციო მოდელი, პაგანი, პაგანი ზონდა, უნიკალური ავტომობილი
Aa
Aa

Cervino | Pagani-მ ახალი Zonda Roadster-ი წარადგინა

ეს არის სიახლე, რომელიც ალბათ არც არავის გააკვირვებს. Pagani-მ ცოტა ხნის წინ თავისი ზებუნებრივად მომხიბლავი Zonda კიდევ ერთხელ გადააკეთა და... რა თქმა უნდა, ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ კომპანიამ ეს მოდელი წარსულში უკვე არაერთხელ შეცვალა, რადგან თითოეული შედეგი, რომელსაც ის გვაწვდის, უბრალოდ შესანიშნავია.

ამ ძველ, თუმცა ხელახლა დაბადებულ ავტომობილს კი Cervino ეწოდება. პროექტის ავტორების თქმით, ეს მოდელი „Zonda-ს სრული რეპრეზენტაციაა, რომელიც მათ უკვე არსებულ შასიზე დააფუძნეს და საგულდაგულოდ შეიქმნა ერთი შორსმჭვრეტელი კოლექციონერის ოცნების ასასრულებლად“.

მარტივად რომ ვთქვათ, უნიკალური ეგზემპლარი კლიენტის დაკვეთით შექმნილი ვერსიაა, რომელიც კომპანიის სპეციალური პროგრამის — Unico-ს ფარგლებში მნიშვნელოვნად გადაკეთდა. Pagani-ს თქმით, მათი „ახალი“ მოდელი „ალპური მწვერვალებითაა“ შთაგონებული, რაზეც მისი სახელიც — Cervino მიუთითებს. ეს უკანასკნელი შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მყოფი მწვერვალის, მატერჰორნის იტალიური სახელწოდებაა. თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას მაინც ალბათ სახურავი და შთამბეჭდავი უკანა ფრთა იქცევს.

გარდა ამისა, Cervino-ში სრულად ახალ დაკიდების სისტემასაც ვხვდებით, ახალი ამორტიზატორებითა და „უმაღლესი დონის“ კომპონენტებით, რომლებიც, როგორც ამბობენ, „Zonda-ს სულსა და თანამედროვე შესრულების სტანდარტებს შორის ზღვარს ავლებს“.

რაც შეეხება შესაძლებლობებს: ამასთან დაკავშირებით Pagani-ს დეტალები არ გაუსაჯაროებია. თუმცა, დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპანიამ მოდელი 7.3-ლიტრიანი ატმოსფერული AMG ძრავით აღჭურვა. მართალია, ახლა რამის მტკიცება გაგვიჭირდება, მაგრამ ალბათ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ახალი Zonda ნელი ნამდვილად არ იქნება.

ახალ ვერსიას ფართო საზოგადოება უახლოეს მომავალში, ავტოესთეტიკის გამოფენაზე (Fuori Concorso / Villa d'Este) იხილავს. მასთან ერთად კი Pagani ღონისძიებაზე Zonda C12S 7.0-საც წარადგენს, რომელიც Pagani-ს რესტავრაციის პროგრამის — Rinascimento-ს ფარგლებში სრულად აღადგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები