დათა ქაჯაიას პირველი ადგილი NASCAR Euro Series-ზე | ქართველი პილოტების წარმატებული კვირა ავტოსპორტში
საერთაშორისო ავტოსპორტის არენაზე მოასპარეზე ქართველი მრბოლელებისთვის გასული უქმეები წარმატებული აღმოჩნდა. Euro NASCAR-ზე მონაწილე პირველმა დამოუკიდებელმა ქართულმა გუნდმა, Kolkhi GRT-მა (Georgian Racing Team), რომელშიც დათა ქაჯაია და მარიამ დავითიძე ირიცხებიან, საფრანგეთში, „პოლ რიკარდის“ ლეგენდარულ ავტოდრომზე გამართულ ეტაპზე მაღალი შედეგები აჩვენა.
NASCAR Euro Series-ზე, „პოლ რიკარდის“ ავტოდრომზე, ქაჯაიამ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა და თავის კლასში წამყვანი პოზიცია დაიკავა. ქაჯაია ტურნირზე #8 ნომრით მინიჭებული Toyota-ს ბოლიდით ასპარეზობს. მანამდე იმავე ტრასაზე ქართველმა პილოტმა, რომელიც უმაღლეს, PRO კლასში გამოდის, მეორე პოზიციაც დაისაკუთრა.

ასევე დაგაინტერესებთ: Kolkhi Georgian Racing Team — პირველი ქართული გუნდი Euronascar-ში!
რაც შეეხება მარიამ დავითიძეს, მან Euro NASCAR-ზე, საფრანგეთის ტრასაზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, ჯერ მესამე, შემდგომ კი პირველი პოზიციის დაკავება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მარიამი, რომელიც Open კლასშია წარმოდგენილი, პირველი ქართველი ქალი პილოტია, რომელიც ევროპულ ავტოშეჯიბრში იღებს მონაწილეობას.
ამავდროულად, გასულ კვირას „პოლ რიკარდის“ 5.8-კილომეტრიან ისტორიულ ავტოდრომზე NASCAR Euro Series-ის Rookie Challenge-ის მეორე ტურის რბოლები გაიმართა. Team Bleekemolen-ის დებიუტანტმა, სანდრო ქაჯაიამ, კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 148 ქულით საერთო ჩემპიონატის ლიდერი გახდა. Speedhouse-ის მრბოლელმა, იან კრისტოვაომ, მეორე სესიაში საუკეთესო დრო აჩვენა და საერთო ჩათვლაში ქაჯაიას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, სანდრო რბოლაში #72 ნომრით, Toyota Camry-ს მარკის ბოლიდით ასპარეზობს.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. პოდიუმზე, განსაკუთრებით კი უმაღლეს კვარცხლბეგზე ყოფნა, შესანიშნავი გრძნობაა. პირველ სესიაში გარკვეული პრობლემები გვქონდა, ამძრავი ლილვი გაფუჭდა, თუმცა ჩემი შესანიშნავი გუნდის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა და გამარჯვების მოპოვებაც მოვახერხეთ“, - განაცხადა ქაჯაიამ რბოლის დასრულების შემდეგ.