რატომ დაახვავეს ათეულობით კლასიკური ავტომობილი კანიონში? — ამას საინჟინრო ახსნა აქვს
აშშ-ში, იუტას შტატის 89-ე მაგისტრალის გასწვრივ, უდაბნოს შუაგულში მნახველების წინაშე სრულიად არარეალური ხედი იშლება: დეტროიტული ავტოინდუსტრიის ოქროს ხანის სხვადასხვა ფერისა და მარკის ავტომობილების კარკასები, რომლებიც კანიონის ფსკერიდან პირდაპირ გზის პირამდეა დახვავებული.
ეს მიტოვებული ამერიკული კლასიკა აქ უკვე ექვსი ათწლეულია დგას. ერთი შეხედვით, უდაბნოს ლანდშაფტში მათი არსებობა სრულიად ალოგიკურია, თუმცა ამ საავტომობილო კედლის უკან კონკრეტული — და თავის დროზე ძალიან პრაქტიკული — საინჟინრო ჩანაფიქრი დგას.
ამ ადგილს კეტსტეირის კანიონი ჰქვია, ხოლო მანქანებისგან აშენებულ კედელს — კეტსტეირის ქვაყრილი. საქმე ისაა, რომ მე-20 საუკუნის შუა ხანებში ამერიკელმა ინჟინრებმა ეროზიასთან ბრძოლის საკმაოდ ექსცენტრული მეთოდი მოიფიქრეს: ქვებისა და ბეტონის ნაცვლად, მათ გამოიყენეს ძველი, ჩამოწერილი მანქანების კორპუსები, რომლებიც ხრეშით შეავსეს, ერთმანეთზე დააწყვეს და ფერდობზე სპეციალური ტროსებით დაამაგრეს. კეტსტაირის კანიონში მთავარ პრობლემას ძლიერი წვიმების დროს მოვარდნილი ნიაღვრები წარმოადგენდა, რომლებიც მაგისტრალს ძირს უთხრიდნენ.
დღეს ამ კედელზე ძველი Chevrolet Bel Air-ების, Lincoln Continental-ებისა და Chevrolet Corvair-ების სილუეტების ნახვა ნამდვილი საავტომობილო არქეოლოგიაა.

მასობრივი ამერიკული პრაქტიკა
რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ეს პრაქტიკა აშშ-ში საკმაოდ გავრცელებული იყო. მსგავსი ნაგებობები გვხვდება, მაგალითად, ნებრასკაში, მდინარე ლუპის სანაპიროებზე, სადაც მანქანების რიგები კილომეტრებზეა გადაჭიმული მდინარის კალაპოტის შესაკავებლად.
ამ მეთოდმა იმუშავა და გზებიც გადაარჩინა, თუმცა ბუნებაზე მიყენებული ზიანის ფასად. როგორც ნებრასკის ისტორიული საზოგადოების წევრი, დევიდ ბრისტოუ აღნიშნავს, ეს იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები მდინარეებსა და ბუნებრივ კანიონებს მხოლოდ საკანალიზაციო კოლექტორებად და ინდუსტრიულ ზონებად განიხილავდნენ.

მანქანების ქვაყრილ ჯებირებად გამოყენება 1970-იანი წლების დასაწყისში შეწყდა. ამის მიზეზი 1972 წელს მიღებული „სუფთა წყლის აქტი“ და ახალი, უფრო ეკოლოგიური და ეფექტური სამშენებლო ტექნოლოგიების გამოჩენა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი წარსულს ჩაბარდა, ათწლეულების წინ დაყრილი ლითონის კონსტრუქციები უდაბნომ სამუდამოდ შემოინახა. დღეს კეტსტეირი პოპულარული ტურისტული და სალაშქრო მარშრუტია.
ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადაიკვეთა საავტომობილო ინდუსტრია და სამოქალაქო ინჟინერია. ნაცვლად იმისა, რომ ეს ლეგენდარული მოდელები კოლექციონერების ავტოფარეხებში აღმოჩენილიყვნენ, ისინი გზის დამცავ კედლად იქცნენ.