ავტოსპორტი, მაკლარენი, მაკლარენი რეისინგი, ზაკ ბრაუნი
Aa
Aa

მოზარდი, რომელმაც „ბედის ბორბალში“ მოგებული $3 000-ით კარტი შეიძინა, მოგვიანებით McLaren Racing-ის CEO გახდა

ზაკ ბრაუნი McLaren Racing-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2018 წლიდან იკავებს. თუმცა ბრიტანული გუნდის სათავეში მოსვლამდეც მისი ცხოვრება, ბავშვობიდანვე, ფაქტობრივად ავტოსამყაროსა და ავტოსპორტს უკავშირდებოდა. ბრაუნი, რომელიც ამჟამად თავის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად ითვლება, სინამდვილეში საკმაოდ მოკრძალებული წარსულითაც გამოირჩევა.

ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ბრაუნი პოპულარული ამერიკული ტელეშოუს, „ბედის ბორბლის“ (Wheel of Fortune) თინეიჯერულ გამოშვებაში გამოჩნდა საკმაოდ წარმატებულად და სოლიდურ ჯეკპოტსაც ხელი გამოკრა.

ბრაუნს მართლაც რომ შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს. მისი სარბოლო კარიერა 1986 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მონაწილეობა ისეთ პრესტიჟულ ტურნირებში მიიღო, როგორიცაა Formula Ford 1600, ჩრდილოეთ ამერიკის Toyota Atlantic Series-ი და 1994 წლის ბრიტანეთის ფორმულა 3-ის ჩემპიონატი. 2000-იანი წლების დასაწყისში უკვე ბიზნესსაქმიანობასაც მიჰყო ხელი და United Autosports-ი დაარსა. McLaren-თან მისი თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო, ხოლო ორი წლის შემდეგ McLaren Racing-ის აღმასრულებელ დირექტორადაც დაინიშნა.

McLaren Racing-ი ამჟამად ავტოსპორტის არენაზე დომინანტურ პოზიციას იკავებს. 2025 წელს ჟურნალმა Time-მა ბრაუნს TIME100 Impact Award-იც გადასცა. ყველაფერი მართლაც დიდებულია, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ მსგავსი წარმატება რეალურად ერთი ჩვეულებრივი სატელევიზიო შოუდან დაიწყო.

ბრაუნი Teen Week-ის 1984 წლის ეპიზოდში მონაწილეობდა, სადაც დაშიფრული წინადადება — Wild Bill Hickok-ი (ველური ბილი) — გამოიცნო. როგორც მოგვიანებით თქვა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო ეს პიროვნება, უბრალოდ „K საკმაოდ პოპულარული ასოა და, ამიტომაც, ის აირჩია“.

მაშინ ბრაუნი მხოლოდ 13 წლის იყო, სატელევიზიო შოუში გამარჯვებისთვის კი ტელევიზორით, ველოსიპედით, საათებითა და $3 050-ით დაჯილდოვდა. როგორც ამბობს, ეს საათები ლომბარდს მიჰყიდა, მიღებული ფულით კი სარბოლო სკოლის საფასური გადაიხადა. დარჩენილი თანხა კარტის საყიდლადაც ეყო, რაც მისი სარბოლო კარიერის საფუძვლად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები