მთავრობები ძვირადღირებული სამხედრო სატვირთოებით დაიღალნენ — Ford-ს ხელმისაწვდომი იდეა აქვს
ფორდის პიკაპები, რომლებიც ამერიკულ ბაზარზე გაყიდვებით როგორც წესი, კონკურენტებს მუდამ უსწრებენ, შესაძლოა, მალე სრულიად განსხვავებულ, სამხედრო ასპარეზზე ვიხილოთ. კომპანიის განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მთავრობებმა ფორდს ოფიციალურად მიმართეს წინადადებით, რათა მათი კომერციული პიკაპები და ტექნოლოგიები თანამედროვე თავდაცვით ოპერაციებში გამოიყენონ.

ამ ინტერესის მიზეზი სრულიად პრაქტიკულია: ტრადიციული სამხედრო შესყიდვები ძალიან ნელა მიმდინარეობს, ასტრონომიული თანხები ჯდება, ხოლო მიღებული სპეცტექნიკის შეკეთება და სათადარიგო ნაწილების შოვნა ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს. ფორდი კი მთავრობებს გაცილებით მარტივ და იაფ ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც უკვე მზად არის დილერების შოურუმებში. კომპანიის აზრით, ისეთი მოდელები, როგორებიცაა Ranger, F-150 და მძიმე Super Duty სერია, რომლებიც ყოველდღიურად მძიმე სამშენებლო პირობებში გამოიყენება, სამხედრო ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებასაც თავს შესანიშნავად გაართმევენ.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა Pro Power Onboard სისტემას, რომელიც პიკაპს მობილურ გენერატორად აქცევს, რაც საველე პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, Ranger-ის გლობალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იწყობა და იყიდება, იდეალური ვარიანტია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში ერთი სტანდარტის ავტოპარკის ყოლა სურთ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბაზრისთვის ფორდმა ახლახან სპეციალური Ranger Super Duty ვერსიაც კი დააანონსა, რომელიც მძიმე ოპერაციებისთვის ქარხნულად არის მომზადებული.

მართალია, ზოგიერთი უწყება უკვე იყენებს ფორდის მოდელებს (მაგალითად, Explorer-ზე ბაზირებულ საპოლიციო ვერსიებს), თუმცა სამხედრო სექტორში სრულმასშტაბიანი შესვლა ბრენდისთვის ახალი ეტაპი იქნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა. თუმცა, თუ უახლოეს მომავალში საინფორმაციო გამოშვებებში სამხედრო კონფლიქტის ზონას დაინახავთ, სადაც სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის პარკინგის მსგავსად მხოლოდ ფორდის პიკაპები იმოძრავებენ, არ გაგიკვირდეთ.