ევროპის რომელ ქვეყნებშია ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი ელექტრომობილების დამუხტვა?
მოგვწონს თუ არა ეს, ფაქტია — ბოლო წლებში გზებზე ელექტრომობილების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მათ მიმართ ინტერესის ზრდის მთავარი მიზეზი კი EV-ების დაბალხარჯიანობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბენზინგასამართ სადგურებზე მძღოლებს საწვავში სულ უფრო მეტი თანხის დატოვება უწევთ. შესაძლოა ეს მოცემულობა უახლოეს პერიოდში დასტაბილურდეს, თუმცა იმის გათვალისწინებითაც, რომ ავტომწარმოებლები გამკაცრებულ რეგულაციებს ერგებიან, არ არის გამორიცხული, გზებზე ელექტრომობილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
მაგრამ ელექტრომობილების კომფორტულად გამოყენებისთვის მძღოლებს, რომელთაც EV-ების დამუხტვა კერძო სახლებში არ შეუძლიათ — და არა მარტო მათ — გამართული საჯარო ინფრასტრუქტურა სჭირდებათ. ევროპული ბლოკის გეგმაც, რომელიც ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას ისახავს მიზნად, დიდწილად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ფოკუსირებული. ამისათვის კი ევროპის რიგ ქვეყნებში ბოლო წლებია აქტიურად იზრდება დასამუხტი სადგურების რაოდენობაც.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით ელექტრომობილები ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად მიიჩნევა (თუმცა ამაში ჩვენ ბენზინის ხარჯის შემცირებას ვგულისხმობთ და არა EV-ების შეკეთებისა და სერვისის მაღალ ღირებულებას), ევროპის ქვეყნების მასშტაბით მათ დამუხტვას განსხვავებული ფასები აქვს.

უახლეს კვლევაში, Compare the Market-ის მონაცემების საფუძველზე, Euronews-მა იმ ქვეყნების რეიტინგი შემოგვთავაზა, სადაც ელექტრომობილების დამუხტვა ყველაზე ძვირი და, პირიქით, ყველაზე იაფი ჯდება. Compare the Market-ის ანალიზის მიხედვით, თუ მაგალითისთვის Tesla Model Y RWD-ის სრულად დამუხტვას აპირებთ, ყველაზე ძვირი — €30-დან €34-მდე — ეს ირლანდიაში, იტალიაში, ლიხტენშტაინში, გერმანიაში, ბელგიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაგიჯდებათ. ხოლო ყველაზე იაფი, სულ რაღაც €4, ეს თურქეთში, უკრაინასა და ბელარუსში ჯდება. მათ მცირედით ჩამორჩებიან უნგრეთი (€5.69) და ნორვეგია (€5.81).

ნორვეგია, რომელიც ელექტრომობილებისთვის ნამდვილ სამოთხედაა ქცეული, მძღოლებს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფს სთავაზობს. ეს ქვეყანა ასევე ერთ-ერთი ლიდერია ყოველ 1 000 მაცხოვრებელზე სწრაფი დასამუხტი სადგურების სიმჭიდროვით. თუმცა ევროპის მასშტაბით ამ მაჩვენებლით ლიდერი ნიდერლანდებია, სადაც ყოველ 1 000 მოსახლეზე 12 სადგური მოდის. მას მოსდევენ ბელგია და დანია (დაახლოებით 9-9 სადგურით).
თუმცა, თუ დასამუხტი წერტილების ჯამურ რაოდენობას ავიღებთ, ევროპული ქვეყნების ოთხეული ასე გამოიყურება:
-
გერმანია — 54 000 სადგური
-
საფრანგეთი — 41 000 სადგური
-
დიდი ბრიტანეთი — 27 000 სადგური
-
იტალია — 18 000 სადგური
ევროპის TOP-10 ქვეყანა კი, სადაც ელექტრომობილების სრული დამუხტვა (Tesla Model Y RWD-ის მაგალითზე) ყველაზე ძვირი დაგიჯდებათ, ასე გამოიყურება:
-
ირლანდია — ~€34.00
-
იტალია — ~€32.00
-
ლიხტენშტაინი — ~€32.00
-
გერმანია — ~€31.80
-
ბელგია — ~€30.60
-
გაერთიანებული სამეფო — ~€30.00
-
შვეიცარია — ~€27.20
-
დანია — ~€27.10
-
ჩეხეთი — ~€26.90
-
ავსტრია — ~€25.70
იმავე მაგალითზე, ყველაზე იაფი ქვეყნების ათეული შემდეგნაირია:
-
თურქეთი — ~€2.7
-
უკრაინა — ~€3.50
-
ბელარუსი — ~€4.00
-
უნგრეთი — ~€5.70
-
ნორვეგია — ~€5.80
-
სერბეთი — €6.40
-
ბულგარეთი — €7.60
-
მოლდოვა — ~€7.70
-
ისლანდია — ~€8.30
-
ხორვატია — ~€8.30