მენსორი, ლამბორგინი ავენტადორი, ბენტლი ფლაინგ სპური, მერსედეს ეიემჯი ჯი63, როლს როისი პანთომი
Aa
Aa

არაბი მილიარდერის „ოქროს სუპერქარების ფლოტი“ ლონდონელმა ინსპექტორმა დააჯარიმა

ლონდონში, ან ნებისმიერ სხვა ქალაქში, დასასვენებლად ჩასვლისას ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საზოგადოგებრივი ტრანსპორტის გამოყენება არ სურს, ადგილობრივი კომპანიიდან ავტომობილს ქირაობს. თუმცა არა ეს არაბი მილიარდერი, რომელმაც გადაწყვიტა, ლონდონში გამგზავრებისას თავისი ავტომობილების, $1 მილიონად შეფასებული ფლოტიც თან გაეყოლებინა.

ტურკი ბინ აბდულა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრად მიიჩნევა, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს სრულად ოქროსფერი ავტოპარკით ესტუმრა. თვალისმომჭრელმა კორტეჟმა ქუჩებში ნამდვილი ფურორი მოახდინა, თუმცა ლონდონელი ინსპექტორები მისმა გადაწყვეტილებამ ნამდვილად ვერ მოხიბლა.

მილიარდერს საუდის არაბეთიდან ლონდონში, 5000 კილომეტრის სიშორეზე, თავისი ძვირადღირებული სათამაშოებით გამგზავრება ათობით ათასი დოლარი დაუჯდა. მისი კოლექცია ისეთ მდიდრულ მოდელებს მოიცავდა, როგორებიცაა: Mercedes-AMG G63 6×6, Lamborghini Aventador SV, Rolls-Royce Phantom Coupe და Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული Bentley Flying Spur-იც კი. თითოეული ავტომობილი, მისი მოთხოვნის შესაბამისად, სპეციალური მბზინავი ოქროსფერი ვინილით იყო დაფარული და რა გასაკვირია, რომ ლონდონის ცენტრში გაჩერებული მანქანები ქალაქში გამოჩენისთანავე ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა.

მაგრამ არაბი მილიარდერის ამ კოლექციამ ნამდვილად ვერ აღაფრთოვანა ადგილობრივი სამართალდამცავები, რომლებმაც კანონის დაცვით იმოქმედეს და შესაბამის ზომებსაც მიმართეს. საქმე იმაში გახლდათ, რომ მილიარდერს მანქანები ძვირადღირებული სასტუმროს სიახლოვეს, აკრძალულ ადგილას ჰყავდა გაჩერებული, რაც მოქმედ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდა.

გამომდინარე აქედან, ლონდონელმა ინსპექტორმა Lamborghini Aventador SV ერთბაშად ორჯერ დააჯარიმა — თითო დარღვევაზე 80 ფუნტი სტერლინგით, ხოლო Mercedes 6×6 და Bentley თითო-თითო ქვითრით „დააჯილდოვა“.

რა თქმა უნდა, მსგავსი სიმდიდრის მქონე პირისთვის ეს ჯარიმა ზღვაში კვეთია და, რეალურად, მილიარდერისთვის ამ შემთხვევას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. თუმცა ინტერნეტსივრცეში ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება, ძირითადად ინსპექტორის პრინციპული გადაწყვეტილების გამო, დაიმსახურა. მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კანონი ერთია ყველასთვის, როგორი მანქანითაც არ უნდა მოძრაობდეს ის.

მსგავსი სიახლეები