ვიდეოთამაში, გრანდ სიფთ აუტო, ჯეტეა
Aa
Aa

წინასწარი შეკვეთების დაწყებამდე: რა ეღირება და როდის გამოვა GTA VI

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ვიდეოთამაშის, Grand Theft Auto VI-ის წინასწარი შეკვეთები ხუთშაბათს, შუაღამისას, დაიწყება. ამის შესახებ Rockstar Games-მა ოფიციალურად განაცხადა და გულმხურვალე გულშემატკივრების მრავალწლიან, მტანჯველ მოლოდინსაც წერტილი დაუსვა.

რაც შეეხება გამოშვების თარიღს, როგორც უკვე თამაშის შემქმნელებმა არაერთხელ დაადასტურეს, GTA-ს მეექვსე ნაწილი ყველასათვის ხელმისაწვდომი 2026 წლის 19 ნოემბერს იქნება.

ასევე იხილეთ: ლოდინი დასრულებულია | Take-Two-მ დაადასტურა, რომ GTA წელს გამოვა

ღირებულება და ვერსიები: Grand Theft Auto VI-ის წინასწარი შეკვეთა PlayStation 5-ისა და Xbox Series X|S-ისთვის $79.99 ეღირება. ხოლო სპეციალური ვერსია, Ultimate Edition-ი, რომელიც დამატებით ავტომობილებს, ტანსაცმელს, იარაღსა და სხვა დანამატებს ითვალისწინებს, $99.99-ად გაიყიდება.

ეს ფასი GTA 6-ს ისტორიაში ოდესმე გამოსულ წამყვან ვიდეოთამაშებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საბაზისო ვერსიად აქცევს. საცალო ღირებულებით, ის აჭარბებს ისეთი თამაშების $69.99-იან ნიშნულს, როგორებიცაა: Sony-ს Ghost of Yōtei, Nintendo-ს The Legend of Zelda: Tears of the Kingdom-ი და Larian Studios-ის Baldur's Gate 3.

წინასწარი შეკვეთების მიღების დაწყებასა და გამოშვების ოფიციალური თარიღის დადასტურებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა საფონდო ბირჟისგანაც. Rockstar Games-ის მშობელი კომპანიის, Take-Two-ს აქციების ღირებულება ოთხშაბათს, სავაჭრო სესიის დაწყებამდე, სესიაში 3%-ზე მეტით გაიზარდა.

ვიდეოთამაშების ბაზრის კვლევაში სპეციალიზებული ფირმა DFC Intelligence-ის ანალიტიკოსების შეფასებით, თამაშის გამოსვლიდან პირველსავე წელს Rockstar სულ მცირე 40 მილიონ ერთეულ GTA 6-ს გაყიდის.

დამატებით, DFC Intelligence მხოლოდ წინასწარი შეკვეთებიდან ლეგენდარული თამაშის მეექვსე ნაწილს $1 მილიარდის შემოსავალს უწინასწარმეტყველებს. ამასთან ერთად კი, ანალიტიკური ფირმის ექსპერტთა შეფასებით, გამოსვლიდან პირველ წელს Grand Theft Auto VI სულ მცირე $3.2 მილიარდს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები