კვლევა, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, იაპონია, ავტომატური გადაცემათა კოლოფი
Aa
Aa

იაპონური კვლევის თანახმად, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ტვინის ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ავტომოყვარულები უდიდეს ენერგიას ხარჯავენ მექანიკური გადაცემათა კოლოფის გადასარჩენად ისეთ გამორჩეულ მოდელებში, როგორიცაა Porsche 911 GT3. თუმცა, იაფფასიან საოჯახო თუ სამოქალაქო ავტომობილებს, რომლებიც მესამე პედალს ბევრად სწრაფად კარგავენ, არავინ იცავს. იაპონიაში ჩატარებული ახალი კვლევა ამ დისკუსიას სრულიად განსხვავებულ ელფერს სძენს: აღმოჩნდა, რომ სიჩქარეების ხელით გადართვა მხოლოდ სიამოვნება კი არ არის, არამედ პირდაპირ კავშირშია ჩვენი ტვინის ჯანმრთელობასთან.

ასევე იხილეთ: მექანიკური VS ავტომატური კოლოფი და მითები მათ შესახებ

ეს სამეცნიერო ნაშრომი პროფესორ რიუტა კავაშიმას ეკუთვნის, რომელიც ტოჰოკუს უნივერსიტეტის განვითარების, დაბერებისა და კიბოს კვლევის ინსტიტუტში ნეიროვიზუალიზაციის მიმართულებას ხელმძღვანელობს. კავაშიმა უბრალო აკადემიკოსი არ არის — სწორედ მან შექმნა მეცნიერული ბაზა Nintendo-ს ცნობილი თამაშების სერიისთვის, Brain Age, რომელმაც მილიონობით ადამიანს დაუმტკიცა, რომ გონებას, კუნთის მსგავსად, ვარჯიში სჭირდება.

კვლევამ აჩვენა, რომ მექანიკური კოლოფით მართვის პროცესი აქტიურად რთავს საქმეში თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქს — ზონას, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, ყურადღებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. გადაბმულობის დაჭერა, სიჩქარის ხელით შერჩევა და აქსელერატორზე ზემოქმედების მოზომვა — ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. ამ მოქმედებების კოორდინაცია მძღოლისგან ისეთ კონცენტრაციას მოითხოვს, რაც მის ყურადღებას ყოველ წამს ტონუსში ამყოფებს.

იაპონიის მსგავს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად ბერდება, ტვინისთვის ამგვარი ყოველდღიური დატვირთვა მსუბუქი ვარჯიშია, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში გამოტოვებდა. ნერვული გზების მსგავსი სტიმულაცია ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას, რასაც ავტომატური ან ნახევრად ავტონომიური ტრანსპორტით პასიური მგზავრობა უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს.

გადაშენების პირას მყოფი სახეობა

მიუხედავად ამ სარგებლისა, ტრადიციული მექანიკური კოლოფის მქონე მანქანები იაპონიაში პოპულარობას მაინც კარგავენ. Best Car-ის მონაცემებით, მექანიკაზე ახალი ავტომობილების გაყიდვების მხოლოდ 1-2 პროცენტი მოდის, რაც ავტომატის აბსოლუტურ დომინირებაზე მიუთითებს.

ეს „უკანასკნელი მოჰიკანები“ ძირითადად ყველაზე იაფფასიან სეგმენტში, ე.წ. Kei-კლასის მინივენებსა და სატვირთოებში გვხვდება, როგორიცაა Honda N-Van, Daihatsu Hijet და Suzuki Carry. მათში 660-კუბიანი, სამცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი სწორედ მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის შეწყვილებული, რათა ფასი მაქსიმალურად დაბალი შენარჩუნდეს. სამწუხაროდ, მეინსტრიმმა ეს ეტაპი უკვე გაიარა — თანამედროვე Toyota Corolla და Honda Civic თავიანთი ჰიბრიდული აგრეგატების გამო მხოლოდ CVT ვარიატორით გამოდიან, ხოლო ახალი Honda Prelude-ც კი, მიუხედავად სპორტული სახელისა, ბაზარზე მხოლოდ ავტომატიკით ჩნდება და მძღოლის გასართობად დინამიკებიდან ხელოვნურ, ყალბ გადართვის ხმებს უშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები