ელექტრომობილი, ჩინეთი, ელექტროძრავა, ბივაიდი
Aa
Aa

BYD-ის ელექტრომობილს ძრავა „გადმოუვარდა“ | ჩინური კომპანიის განმარტება

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში უცნაური ვიდეო გამოჩნდა, რომლის მთავარი მოქმედი გმირი ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ს, ელექტრომობილი გახლდათ. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის დატბორილ ქუჩებში BYD Tang EV, რომელსაც უკანა ელექტროძრავა თითქმის მთლიანად ჩამოვარდნილი აქვს და მხოლოდ ერთი მაღალი ძაბვის კაბელით მოათრევს.

სოციალურ ქსელში ვიდეოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ელექტროძრავა გზაზე დაგროვილი წყლის გამო დაზიანდა და სწორედ ამიტომ „აღმოჩნდა ავტომობილისგან განცალკევებულად“. თუმცა თავად კომპანია, რომელსაც მომხდარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო ოფიციალური განმარტების გაკეთება მოუხდა, ამ ვერსიას უარყოფს.

ჩინური ავტომწარმოებლის განცხადებით, პრობლემა წყალთან პირდაპირ დაკავშირებული არაა. თუმცა გზის დატბორილ მონაკვეთზე გადაადგილებისას მანქანის ქვედა ნაწილზე ძლიერი დარტყმა მოვიდა, რამაც ელექტროძრავის სამაგრი დააზიანა. სავარაუდოდ, ინციდენტის მომენტში წყლის დონე კონკრეტულ მონაკვეთზე იმაზე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე შემდგომ გავრცელებულ კადრებში ჩანს.

ვიდეოში ჩანს, რომ ელექტროძრავის კორპუსის ნაწილი მანქანის ქვედა ნაწილიდან მოტეხილია, ხოლო ძრავა მხოლოდ ერთი მაღალი ძაბვის, ნარინჯისფერი კაბელითაა ჩამოკიდებული. წესით, დაზიანებული ჩინური ავტომობილი BYD Tang-ის ორძრავიანი, სრულად ელექტრული ვერსიაა. უკანა ელექტროძრავის ფაქტობრივად გამოყოფის მიუხედავად კი, SUV-მა წინა ელექტროძრავის საშუალებით გადაადგილება გააგრძელა.

BYD-ის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ კომპანია ავტომობილის მფლობელს დაუკავშირდა და დაზიანებული ავტომობილიც შეამოწმა. უცნობია, რა დაჯდება ავტომობილის შეკეთება, თუმცა მსგავსი ტიპის ელექტროძრავის შეცვლა, სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირი დაჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები