„650 ახალი მოდელი ექვს თვეში“ | აშშ-ში 4 წელში მხოლოდ 159 ახალ მოდელს უნდა ველოდოთ
ჩინეთის ავტოინდუსტრია განვითარების ტემპით მსოფლიოს დანარჩენ ბაზრებს შესამჩნევლად უსწრებს. მხოლოდ 2026 წლის პირველ ექვს თვეში ჩინეთის ადგილობრივმა კომპანიებმა ჯამურად 650-მდე ახალი ან განახლებული ავტომობილი წარადგინეს, მაშინ, როდესაც Bank of America-ის კვლევით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, წესით, სულ რაღაც 159 ახალ მოდელს უნდა ველოდოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ეს კი ნიშნავს, რომ ჩინეთში დღეში საშუალოდ ოთხი ახალი ავტომობილი გამოდის. ეს მაჩვენებელი, როგორც გითხარით, მოიცავს როგორც სრულიად ახალ მოდელებს, ასევე ე.წ. „ფეისლიფტებს“, განახლებულ კომპლექტაციებსა და სპეციალურ ვერსიებს. მიუხედავად ამისა, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინეთში ყოველთვიურად დაახლოებით 30 სრულიად ახალი ავტომობილი მაინც ჩნდება, რაც კვლავ იმაზე მეტია, ვიდრე აშშ-ში მთელი წლის განმავლობაში გამოდის.
აღნიშნული ფაქტი კი, არამხოლოდ კონკურენტი ქვეყნების კომპანების, ადგილობრივი ფირმების შეშფოთებასაც იწვევს. BYD-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჰე ჭიცმა, ბაზარზე არსებული კონკურენცია „სრულ სიგიჟედ“ შეაფასა. მისი თქმით, ჩინეთის საავტომობილო ბაზარი არა უბრალოდ „კონკურენტული“, არამედ „სასტიკიც“ კი გახდა.

BYD-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პრობლემა ინოვაციებში არაა — რეალურად, ახალი ავტომობილები ქვეყანაში ისეთი სისწრაფით გამოდის, რომ მომხმარებლები ჯერ ერთ ავტომობილს არ არიან შეჩვეულები, რომ უკვე მის ადგილს რამდენიმე ახალი მოდელი იკავებს. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება კი იმაზე მიუთითებს, რომ რამდენიმე თვის წინ გამოშვებული ავტომობილი შესაძლოა „მოძველებულად“ მიიჩნიონ.
ჩინური კომპანიების მსგავსი ტემპი ამერიკული ავტოინდუსტრიის ყურადღებასაც იპყრობს. Ford-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის, ბილ ფორდის თქმით, ჩინური ბრენდები გლობალურ ავტობაზარზე მუდმივად შეზღუდულები არ იქნებიან და სჯობს, თუ ამაზე ამერიკული მწარმოებლებიც დაფიქრდებიან.

ბილ ფორდის განცხადებით, ამერიკული კომპანიები ჩინურ ავტოწარმომდებლებთან კონკურენციისთვის მუდმივად მზად უნდა იყვნენ, რადგან მომავალში მხოლოდ ტარიფებითა და რეგულაციებით მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება. არსებული შეზღუდვების მიუხედავადაც, ჩინური კომპანიები რეგულაციებისა და დამატებითი გადასახადებისთვის თავის არიდებას სხვადასხვა გზით ახერხებენ — მათ შორის, ევროპაში ქარხნების შეძენით ან ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით.
ექსპერტების ვარაუდით, ჩინეთში ავტობაზარზე შექმნილი „სასტიკი კონკურენცია“ მომდევნო ათწლეულში არაერთ მწარმოებელს შეიწირავს, თუმცა BYD-ში დარწმუნებულები არიან, რომ კომპანია მათ შორის არ იქნება.