ავტომობილის შუა სავარძელზე ჯდომა წარმატების საწინდარია | კვლევის შედეგები
მაშინ, როდესაც ავტომობილის უკანა სავარძელზე სამი ბავშვი ზის, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად კომფორტული და, შესაბამისად, არასასურველიც შუა ადგილია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სავარძელი შედარებით უფრო მყარია, საზურგეც არაა დიდად მოსახერხებელი, ხოლო ქვედა ამობურცული ნაწილი, საერთოდ, მგზავრისთვის თავისუფლად მოთავსებასაც ართულებს. შედეგად, გასაკვირიც არაა, თუ რატომ არავის სურს ამ ადგილის დაკავება.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ყოველდღიური სიტუაციები იშვიათად იქცევა საკვლევ საგნად, Skoda-ს დაკვეთით ანალიტიკურმა კომპანია Censuswide-მა ამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა და საინტერესო შედეგებიც გამოაქვეყნა:

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელმაც 1 000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა, აჩვენა, რომ სამ და-ძმას შორის შუა სავარძლის თავიდან არიდება ოჯახების 43%-ში კამათის მიზეზად ქცეულა. თუმცა, იმ ადამიანების 66%, რომლებიც ბავშვობაში უკანა შუა სავარძელზე ყველაზე ხშირად იჯდა, ამბობს, რომ საბოლოოდ მათ ამ პოზიციის დადებითი მხარეებიც აღმოაჩინეს. მაგალითად, უკეთესად ხედვის შესაძლებლობა, რადგან შუა ადგილიდან ორივე მხარის დანახვა უფრო ადვილია.
კვლევის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი პიროვნულ თვისებებსა და კარიერულ წარმატებას ეხება. გამოკითხვის შედეგებით, ბავშვობაში შუა სავარძელზე ჯდომა ადამიანებს ხასიათის თვისებებსაც უვითარებს. მაგალითად, რესპონდენტთა 44% თავს მშვიდ ადამიანად მიიჩნევს, 28% — რაციონალურ ადამიანად, 25% — მომთმენად, 21% — წინდახედულად, ხოლო კიდევ 21% — ადაპტაციის უნარის მქონედ.
რაც შეეხება კარიერულ შედეგებს: აღმოჩნდა, რომ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა 90% ბავშვობაში უკანა სავარძლის შუა ადგილას იჯდა; უფროსი პოზიციის ხელმძღვანელების 62% ასევე უმეტესად „შუა სავარძელზე მჯდომი ბავშვი“ იყო, ხოლო მეწარმეების 72% ამბობს, რომ ბავშვობაში სწორედ ეს ადგილი ეკავა.

ბავშვთა ფსიქოლოგის ლავერნ ანტრობუსის შეფასებით, ავტომობილი ხშირ შემთხვევაში ის უნიკალური გარემოა, სადაც ოჯახის წევრები პატარა სივრცეში დროს ერთად ატარებენ. ეს კი ურთიერთობასა და ქცევებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით იკავებდნენ თუ არა ბავშვები შუა ადგილს, სწორედ ამ გარემოების გამო მათ ხშირად უვითარდებათ ისეთი თვისებები, როგორებიცაა: მოთმინება, სიმშვიდე და ადაპტაციის უნარი. სწორედ ეს მახასიათებლები შეიძლება სამომავლოდ პროფესიულ ცხოვრებაშიც საჭირო უპირატესობად იქცეს.
რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ასახავს და არ ნიშნავს, რომ შუა სავარძელზე ჯდომა ავტომატურად ზრდის ლიდერად ჩამოყალიბების შანსს, თუმცა ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთ გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ შესაძლოა პიროვნული თვისებების განვითარებაში გარკვეული როლი ითამაშოს.