როგორი შეიძლება იყოს BMW-ის G-Class-ი? | რენდერები უკვე არსებობს
ალბათ, არც ერთი ქვეყნის საავტომობილო ბაზარზე არაა ისეთი ძლიერი კონკურენცია პრემიუმ ბრენდებს შორის, როგორსაც ჩვენ გერმანიაში ვხვდებით. როგორც წესი, აქ თითქმის ყველა სეგმენტის მოდელისთვის გამოიძებნება კონკურენტი კომპანიის ანალოგი, თუმცა იმავეს თქმა Mercedes-Benz G-Class-ზე გაგვიჭირდება. ათწლეულებია, Mercedes-ის SUV პოპულარობას არ კარგავს, თუმცა დღემდე არც BMW-ს და არც Audi-ს მისი პირდაპირი კონკურენტი არ წარუდგენია.
ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილები
მაგრამ, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ეს მოცემულობა შესაძლოა უახლოეს მომავალში შეიცვალოს. BMW უგზოობისთვის განკუთვნილი სრულფასოვანი ავტომობილის შექმნას ბოლო პერიოდია აქტიურად განიხილავს და ბაზარზე ის შესაძლოა 2029 წლისთვის გამოჩნდეს. ამ ეტაპზე ოფიციალურად გერმანულ ავტომწარმოებელს ახალ პროექტზე მუშაობა არ დაუდასტურებია, თუმცა დიზაინერმა Kelsonik-მა უკვე შემოგვთავაზა რენდერები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორი შეიძლება იყოს BMW-ის პასუხი G-Class-ზე.
რენდერზე გამოსახული მოდელი კლასიკური ოფროუდის პროპორციებს ინარჩუნებს, თუმცა თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი აქვს. ავტომობილი თანამედროვე BMW-ებისთვის შეუსაბამო მცირე ზომის ორმაგი ცხაურითაა აღჭურვილი, ვიწრო LED-მაშუქებით, ასევე მასიური წინა ბამპერით, რაც მას აგრესიულ იერსაც აძლევს.
დიზაინში მარტივად შესამჩნევია საბურავებისთვის გაფართოებული თაღები, შავი ფერის დისკები და ყველგანმავალი საბურავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი მთლიანად შავ ფერშია გადაღებილი, რაც ავტომობილის ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს. უკანა ნაწილში კი ვიწრო LED-ფარები და სათადარიგო საბურავის გარე სამაგრია მოთავსებული.
რენდერის ავტორის ვარაუდით, ასეთ ავტომობილს იდეალურად მოერგებოდა BMW-ის ტვინტურბო V8 ძრავა, რომელიც მაღალი გამავლობის მოდელს მისთვის საჭირო სიმძლავრითაც უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ BMW-ის მიერ მსგავსი მოდელის შექმნის მცდელობაზე ცნობილი გასულ წელსაც გახდა. მაშინ კომპანიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა წელს BMW M-ის ხელმძღვანელმა, ფრანკ ვან მილმა, თქვა, რომ M-ბრენდირებული უგზოობის ავტომობილების იდეა მისთვის საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს. შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდა მოლოდინიც, რომ BMW მომავალში Mercedes-AMG G 63-ისა და Land Rover Defender Octa-ს კონკურენტებს წარადგენს.