Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი რეკორდულ $40 მილიონად გაიყიდა
იტალიური ავტომწარმოებლის, Ferrari-ს, პირველი სრულიად ელექტრო ავტომობილი, Ferrari Luce, აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. მიუხედავად იმ კრიტიკის ქარცეცხლისა, რომელშიც Luce გამოშვების პირველი წამებიდანვე გაატარეს, ელექტრომობილის ფასმა აუქციონზე $40 მილიონს მიაღწია, რაც ახალი ავტომობილების გაყიდვებისთვის რეკორდული ღირებულებაა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
შედეგად, საქველმოქმედო მიზნებისთვის Luce-ს გაყიდვამ, რომელიც ბრიტანელი დიზაინერისა და Apple-ის iPhone-ის დიზაინის ერთ-ერთი შემქმნელის, სერ ჯონი აივის, მონაწილეობით შეიქმნა, მარანელოს ელექტრომობილის სტანდარტულ ფასთან შედარებით 35-ჯერ მეტი თანხა მოიტანა.

ცნობისთვის, აუქციონი კალიფორნიაში, RM Sotheby's-ის ორგანიზებით გაიმართა. ხოლო Ferrari-ს პირველი ელექტრომობილიდან მიღებული თანხა სრულად Ferrari Foundation-ის საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება. რაც შეეხება ამ უნიკალური და ყველაზე ძვირად ღირებული ახალი ავტომობილის მფლობელს, მისი ვინაობა აუქციონის სახლს არ გაუმხელია. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მილიარდერი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ფილანტროპი, დოქტორი ჰერბერტ „ჰერბი“ ვერტჰაიმია.

Sotheby's-ის შეფასებით, ამ ელექტრომობილის შეძენა Luce-ს პირველი სერიული ეგზემპლარის ფლობის „უპრეცედენტო შესაძლებლობა“ გახლდათ. Luce შასის ნომრით №0 Madreperla Semi-Gloss-ის სახელით ცნობილ ნახევრად პრიალა ექსტერიერის ფერშია შესრულებული. ავტომობილს ამავე ფერში შეღებილი, სპეციალურად მისთვის დამზადებული უნიკალური დისკები და სამუხრუჭე კალიპერები აქვს.
ინტერიერი Perla-ს ფერის Le Mans-ის მეტალის ეფექტის მქონე ტყავითაა გაწყობილი და Grigio Corvara-ს ფერის დეტალები ემატება. ოთხი ელექტროძრავით აღჭურვილი ელექტრომობილის კოლექტიური სიმძლავრე 1 050 ცხენის ძალაა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე კი 2.5 წამი.
შეგახსენებთ, რომ Ferrari-მ Luce მიმდინარე წლის მაისში წარადგინა. ავტომობილის დებიუტი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საავტომობილო პრეზენტაციად შეფასდა, რადგან Luce იტალიური ბრენდის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილია. თუმცა, როგორც ამ ფაქტმა, ისე მოდელის ვიზუალურმა მხარემ, მარანელოს ბრენდის ბევრი მოყვარული და არა მხოლოდ ისინი, განარისხა. ბევრი მას Ferrari-ს ყველაზე მახინჯ მოდელადაც კი მოიხსენიებდა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დასცინეს სხვადასხვა კომპანიებმა Ferrari Luce-ს?
ამის მიუხედავად, როგორც ცნობილია, Luce-ს პირველი პარტია სულ რაღაც ორ თვეში ამოიყიდა. სკუდერიაში აცხადებენ, რომ ახალ ელექტრომობილზე 2026 წლისთვის დასახულ გაყიდვების მიზანს უკვე მიაღწიეს, თუმცა კონკრეტული ციფრები შეკვეთების, დეპოზიტებისა თუ გაყიდული ერთეულების შესახებ არ გაუსაჯაროებიათ.

აქვე საინტერესოა, რომ Ferrari-ს ავტომობილები აუქციონებზე ყოველთვის საუკეთესო შედეგებს აფიქსირებენ ხოლმე. მაგალითად, 2025 წელს უნიკალური Ferrari Daytona SP3 საქველმოქმედო აუქციონზე $26 მილიონად გაიყიდა, რაც იმ დროისთვის ახალი ავტომობილის აუქციონზე გაყიდვის რეკორდი იყო. ცნობისთვის, Daytona-ს უნიკალური ეგზემპლარიც ვერტჰაიმ შეიძინა. შესაბამისად, ის ადამიანი, რომელსაც ახლა ფოტოზე ხედავთ, Luce-სა და Daytona-ს რეკორდსმენი მანქანების მფლობელია.