სიჩქარის რეკორდი, ჩინეთი, მატარებელი, ტექნოლოგიები, მაგლევი
Aa
Aa

ჩინური ჩქაროსნული მატარებელი 800 კმ/სთ-მდე 5 წამში აჩქარდა

ჩინეთში ექსპერიმენტულმა ჩქაროსნულმა მატარებელმა აჩქარების საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა — მან 0-დან 800 კმ/სთ სიჩქარე დაახლოებით ხუთ წამში განავითარა, რაც, შესაძლოა, ულტრა-ჩქაროსნული ტრანსპორტის განვითარების ახალ ეტაპად იქცეს.

ხუბეის პროვინციაში მდებარე დუნხუს კვლევითი ცენტრის 1-კილომეტრიან საგამოცდო ტრასაზე, მატარებელი ადგილიდან 800 კმ/სთ სიჩქარემდე სულ რაღაც 5.3 წამში აჩქარდა. Maglev ტექნოლოგია მაგნიტურ ძალას იყენებს, რათა მატარებელი რელსების ზედაპირიდან ოდნავ ჰაერში აწიოს და ხახუნის ძალა სრულად გამორიცხოს, ხოლო ტრასის გასწვრივ განთავსებული კოჭების მიერ გენერირებული მაგნიტური ტალღა ტრანსპორტს წინ ამძრავებს.

ჩინელმა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ მატარებელს არა მხოლოდ ექსტრემალური სიჩქარის განვითარება, არამედ სამუხრუჭე სისტემის მეშვეობით კონტროლირებადი გაჩერებაც შეუძლია. 0-დან 800 კმ/სთ-მდე აჩქარების შემდეგ, მატარებელი შეუფერხებლად გაჩერდა დაახლოებით 200 მეტრის დისტანციაზე.

ეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულმა მატარებელმა მოკლე დისტანციაზე აჩქარების მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

1.1-ტონიანი მატარებელი პირველად 2025 წლის ივნისში გამოცადეს, როდესაც მან 650 კმ/სთ სიჩქარეს შვიდ წამში მიაღწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. შემდგომ ტესტებში მან საკუთარი შედეგები გააუმჯობესა — განავითარა 700 კმ/სთ და 798 კმ/სთ სიჩქარეები და დროც საგრძნობლად შეამცირა.

CCTV-ის ცნობით, თითოეული საგამოცდო რბოლისას მკვლევრები ზღვრამდე ტესტავდნენ რამდენიმე კრიტიკულ ტექნოლოგიას, მათ შორის: მაღალი სიმძლავრის ენერგიის მიწოდებას, ელექტრომაგნიტურ ამძრავს, მაღალსიჩქარიანი ლევიტაციის კონტროლსა და ავარიულ დამუხრუჭებას.

მიმდინარე სტანდარტები და პერსპექტივები

ამჟამად ჩინეთსა და იაპონიაში მოქმედი Maglev მატარებლები დაახლოებით 320 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომერციული Maglev მატარებელი, ჩინური Fuxing-ი, 350 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს.

ულტრა-ჩქაროსნულ Maglev მატარებლებს ჩინეთის თავდაცვის ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებიც ქმნიან — მათ ერთ-ერთ ტესტზე მატარებელმა 697 კმ/სთ აჩქარებას სულ რაღაც ორ წამში მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ამ ეტაპზე მგზავრების გადასაყვანად განკუთვნილი არ არის, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ფუნდამენტური პრინციპები საბოლოოდ რაკეტებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების გაშვების სისტემების შესაქმნელად გამოიყენება.

ჩინელი მეცნიერები ასევე მუშაობენ ანალოგიურ ულტრა-ჩქაროსნულ Maglev ტექნოლოგიაზე, რომელმაც დაბალი წნევის ან ვაკუუმის მილებში უნდა იმოქმედოს. თუმცა, ეს მიმართულებაც რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რაშიც შედის ინფრასტრუქტურის მაღალი ღირებულება, მგზავრთა უსაფრთხოება და დიდ დისტანციებზე მიმავალი ტრასების მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები