ლამბორგინი, მოკლე ისტორია, ლამბორგინი ქაუნთაჩი
Aa
Aa

რატომ იღება Lamborghini-ის კარები ზემოთ? | საიდან და როდის დაიწყო ისტორია?

Lamborghini-ს V12 სუპერქარივით მარტივი ამოსაცნობი ამ სამყაროში ალბათ ცოტა რამაა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან რთულია, მისი „ცისკენ მიმართული“ კარები რამისგან აგერიოს. მაკრატლისებურად, ვერტიკალურად გახსნადი კარები იტალიური ბრენდის იდენტობის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც მძლავრი V10 და V12 ძრავები, ან თუნდაც მისი გამორჩეული ფერები.

მაგრამ, თუ დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ იღება Lambo-ს კარები ზემოთ? ან საერთოდაც, საიდან დაიწყო ეს ისტორია? შესაძლოა, არც იცით, მაგრამ პასუხი მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ „სუპერქარები ასე უფრო მაგრად გამოიყურება“...

Lamborghini-მ თავისი ცნობილი, ვერტიკალურად გახსნადი კარები პირველად Countach-ზე გამოიყენა. იტალიურმა ავტომწარმოებელმა თავისი „რევოლუციური“ მოდელი — რომელიც მსგავსი ტიპის კარების მქონე პირველი სერიული წარმოების ავტომობილიც გახდა — 1974 წელს წარადგინა. ამით ლეგენდარულმა მარჩელო განდინიმ, რომელიც იმ პერიოდში Bertone-ში მუშაობდა, საფუძველი იმ ვიზუალურ სტილს ჩაუყარა, რომელიც დღემდე Lamborghini-სთან ასოცირდება.

Countach-ი სტანდარტულზე დაბალი და ფართო ავტომობილი იყო, რაც პრაქტიკულ პრობლემას ქმნიდა — ტრადიციულად, კარის გვერდით გასახსნელად საკმარისი სივრცე არ რჩებოდა. ამის გამო Lamborghini-მ კარის განსხვავებული მექანიზმი შექმნა: კარი ჯერ ოდნავ გვერდით იხრებოდა, შემდეგ კი ზემოთ იწეოდა. ამ გადაწყვეტას კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა — ვიწრო სივრცეშიც კი ავტომობილიდან გამოსვლას შედარებით მარტივს ხდიდა. ტრადიციული კარი გვერდით დიდ სივრცეს მოითხოვდა, მაშინ როდესაც მაკრატლისებრ კარს მოძრაობისთვის უფრო მეტად ზედა სივრცე სჭირდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხილვადობა იყო. Countach-ის უკანა ხილვადობა იმდენად შეზღუდული იყო, რომ მძღოლები უკუსვლით მოძრაობისას განსხვავებულ ხერხს მიმართავდნენ: კარს აღებდნენ, კარის ზღურბლზე სხდებოდნენ და სახურავის ზემოდან იყურებოდნენ, რათა თავიანთი ავტომობილის უკან სიტუაცია ეკონტროლებინათ. ვერტიკალურად გახსნადი კარები ამ პოზიციაში მძღოლს ამის საშუალებას აძლევდა. ეს თავისებურება კი Countach-ისთვის ლეგენდად იქცა.

შეჯამებისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ, თუ რატომ იყო Countach-ისთვის საჭირო ახალი კარის მექანიზმის შექმნა:

დაბალი, ფართო და სოლისებრი ძარა სტანდარტული კარისთვის საკმარის სივრცეს არ ტოვებდა; ახალი მიდგომით, კარი ფიქსირებულ წინა ანჯამაზე ბრუნდებოდა და შემდეგ ზემოთ იწეოდა, რაც ვიწრო სივრცეებში მოსახერხებელი იყო. უკუსვლისას მძღოლს შეეძლო კარის ზღურბლზე დამჯდარიყო და სახურავის ზემოდან გაეხედა, რაც უკანა ხედვას გარკვეულწილად აუმჯობესებდა.

ნამდვილად უკეთესია თუ არა მაკრატლისებრი კარი?

რეალურად, არა. ვერტიკალურად გახსნადი კარები სტანდარტულზე რთული კონსტრუქციისაა. მათ შორის, ის აერთიანებდა დამატებით საინჟინრო კომპონენტებს, მათ შორის ანჯამებს, კარის კონსტრუქციას, რეზინის დამცავებსა და ძარის ელემენტებს, რომელთა ერთმანეთთან ზუსტი მუშაობა რთულ ინჟინერიას მოითხოვს. ისინი ავტომატურად უფრო მოსახერხებელიც არაა. ჩვეულებრივი კარი შესაძლოა უფრო მარტივად და სწრაფად გაიღოს, მაშინ როდესაც ვერტიკალურ კარს განსხვავებული მოძრაობა სჭირდება.

თუმცა Lambo-ს მიზანი მსოფლიოში ყველაზე პრაქტიკული კარის შექმნა არ ყოფილა. მისი მიზანი სუპერმანქანის შექმნა იყო, რომელიც გზაზე სხვა ავტომობილებისგან გამორჩეული და რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად გამოუვიდა. მსგავსი ტიპის კარები კი Lamborghini-ის იდენტობის ნაწილად იქცა.

თუმცა ყველა Lamborghini-ს ასეთი კარი არ აქვს. მაგალითად, Huracán-ს სტანდარტული, გვერდით გასახსნელი კარები ჰქონდა, ისევე როგორც მის მემკვიდრეს, Temerario-ს. მსგავსი ტიპის კარი აქვს Urus-ის SUV-საც. ეს კი იმიტომ, რომ მაკრატლისებრი კარები Lamborghini-ის მოდელებისთვის აუცილებელი პირობა არაა. ეს დიზაინერული გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველაზე მეტად დაბალ და ექსტრავაგანტულ მოდელებს შეეფერება. ტრადიციულად, ასეთი კარები ძირითადად Lamborghini-ის ფლაგმანურ V12 სუპერმანქანებსა და განსაკუთრებულად მცირე მოცულობით გამოშვებულ მოდელებს უკავშირდება.

რატომ ინარჩუნებს Lamborghini ამ დიზაინს დღემდე?

თანამედროვე ინჟინერიის პირობებში Lambo-ს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტომობილები დაბალია, ვერტიკალური კარები აღარ სჭირდება. დღემდე მათი შენარჩუნების მთავარი მიზეზი მემკვიდრეობაა. ეს სტილი თანამედროვე Lambo-ებს Countach-თან აკავშირებს — ავტომობილთან, რომელმაც სუპერქარების თანამედროვე ეპოქის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და 1970-იან წლებში Lamborghini-ს ბრენდის გადარჩენაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები