GTA VI-ის გამო აშშ-ში ჯარისკაცებს 4-დღიან შვებულებას სთავაზონებ | თუმცა ერთი პირობით
აშშ-ის არმიის ერთ-ერთმა დანაყოფმა სამხედროებს ხელახლა კონტრაქტზე დასაყოლიებლად საკმაოდ უჩვეულო შეთავაზება გაუკეთა. მათ, ვინც კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ, Grand Theft Auto VI-ის გამოსვლის პერიოდში 4-დღიან შვებულებას მიიღებენ, რათა ჯარისკაცებმა ლეგენდარული თამაშის გამოსვლა მშვიდ ვითარებაში აღნიშნონ.

ასევე იხილეთ: წინასწარი შეკვეთების დაწყებამდე: რა ეღირება და როდის გამოვა GTA VI
მსგავსი შეთავაზება ჯარისკაცებს Fort Stewart-ის ბაზაზე განთავსებულმა აშშ-ის არმიის მეცხრე საინჟინრო ბატალიონმა გაუკეთა. როგორც Forbes-თან ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ეინჯელ ტომკომ განაცხადა, სამხედროებს შვებულებით სარგებლობა 1 აგვისტოდან 14 ნოემბრამდე პერიოდში ხელახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში შეეძლებათ.
შეთავაზება, რომელიც სამხედროების გადაბირებისთვის სტანდარტულ ბენეფიტად არის წარმოდგენილი, სულ მცირე 2-წლიანი ვადით კონტრაქტის გახანგრძლივებას ითვალისწინებს. თან, როგორც ჩანს, შედეგიანიცაა, რადგან ამ დროისთვის GTA VI-ის გამოსვლასთან დაკავშირებული ოთხდღიანი შვებულების შეთავაზება უკვე 20-მა ჯარისკაცმა მიიღო. პროგრამით სარგებლობის უფლება კი ამჟამად 130-მდე სამხედრო მოსამსახურეს აქვს.

შვებულების ზუსტი თარიღები წინასწარ განსაზღვრული არ არის — მათი შეთანხმება კონკრეტულ სამხედრო მოსამსახურესა და მის მეთაურობას შორის უნდა მოხდეს. სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლის თქმით, ეს განსაკუთრებული შემთხვევა სულაც არაა, რადგან მსგავსი ტიპის წახალისებები არმიაში ხელახალი კონტრაქტის გაფორმების პროცესში საკმაოდ ჩვეულებრივი პრაქტიკის ნაწილია. ამჯერად კი გადაწყვიტეს, GTA VI-ის ახალი ნაწილის გამოსვლაზე შექმნილი უპრეცედენტო მოლოდინები გამოეყენებინათ.
ცნობისთვის, Grand Theft Auto VI, არაერთი გადავადების შემდეგ, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოვა. მოლოდინებთან ერთად, კოლოსალურია თამაშის კომერციული პოტენციალიც. Newzoo-ს შეფასებით, GTA VI-მ გამოსვლის პირველივე კვირაში შესაძლოა 5.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშაოს. ამასთან, თამაშის წინასწარი შეკვეთებიდან პირველივე კვირაში კომპანიამ სავარაუდოდ $260 მილიონამდე შემოსავალი მიიღო.