მიზეზი, რომლის გამოც ჩინეთში ელექტრონული სახელურები აიკრძალა | ვიდეო
ამასწინ შეგატყობინეთ, რომ ჩინეთში მანქანის ელექტრონული სახელურები აიკრძალა. ვიდეო, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ამ აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზია (სხვა მრავალთან ერთად) — სატვირთოსთან შეჯახების შემდეგ, Dogfeng eπ007-ს ცეცხლი მოედო და, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, მანქანა არასრულ ერთ წუთში ჩაკეტილ ღუმლად იქცა.
მართალია, ვიდეო ვირუსულად გუშინ გავრცელდა, თუმცა ჩინური ავტომწარმოებლის განცხადებით, შემთხვევა ვენშანში, იუნანის პროვინციაში, 2025 წლის 19 მარტს მოხდა.
ვიდეოში ვხედავთ ჩინურ ელექტრომობილს, რომელიც Nissan-ის პოპულარულ N7 მოდელს ეფუძნება — ერთი შეხედვით, შეჯახება ძალიან ბრუტალური არ არის და მგზავრებს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეთ, თუმცა კოშმარი ამის შემდეგ იწყება: დაზიანებულ ბატარეას ცეცხლი ეკიდება.
მძღოლი ავტომობილიდან მომენტალურად ხტება და უკანა კარების გაღებას ცდილობს, თუმცა სახელური გარეთ არ იწევა. ამის შემდეგ თავად მძღოლის კარი იკეტება და არც ის იღება. სულ 29 წამში ავტომობილის ფანჯრებიდან ბოლი გამოდის, მძღოლი კი ფანჯრის ჩამტვრევას იდაყვით ცდილობს. გამვლელების დახმარებით, კაცი მინას ქვით ამტვრევს და მანქანაში გამოკეტილი მგზავრები გამოჰყავს — ამ მომენტში უკვე იქიდან გამომავალ ალსაც ვხედავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვრობები თითოეულმა მგზავრმა მიიღო, თუმცა არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
თავად Dongfeng-ის განცხადებით, გავრცელებული ვიდეო შემთხვევის სრულ კონტექსტს არ აღწერს და აალება არა ავტომობილის ტექნიკურმა გაუმართაობამ, არამედ შეჯახების სისწრაფემ გამოიწვია.