მერსედეს ბენცი, მერსედეს ბენცი ჯი კლასი, ჯი კლასი, გელენდვაგენი
Aa
Aa

$1-მილიონიანი G63 AMG 6×6-ის ალტერნატივა | ეს G-Wagen გაცილებით იაფია

Mercedes-Benz-მა 2013 წელს თავისი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ყველგანმავალი, G63 AMG 6×6, წარადგინა. თუმცა გერმანელებმა გადაწყვიტეს, 6-ბორბლიანი „ჯი-კლასი“ შეზღუდული რაოდენობით ეწარმოებინათ და საბოლოოდ, ამ მოდელის 100-ზე ოდნავ მეტი ერთეული გამოუშვეს. დღეს G63 AMG 6×6-ის შეძენა მეორადი ავტომობილების ბაზარზეა შესაძლებელი, თუმცა ამისთვის სულ მცირე $1 მილიონი მაინც ჯიბეში უნდა გედოთ.

მაგრამ გამოსავალი უკვე მათთვისაც არსებობს, ვისაც G63 AMG 6×6-ის შესაძენად მილიონობით დოლარის დახარჯვა არ სურს. ერთ-ერთი ალტერნატივა კი ახლა თქვენ წინაშეა: ეს 2019 წლის Mercedes-AMG G63-ია, რომელიც ამერიკულმა ტუნერმა, Apocalypse Manufacturing-მა, 6-ბორბლიან, სამღერძიან ყველგანმავლად გადააქცია.

კონსტრუქციაში მესამე ღერძის დასამატებლად ტუნერს G-Wagen-ის ძარის გაზრდა დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგი ვიზუალურად ქარხნულ G 63 AMG 6×6-ს მართლაც ძალიან ჰგავს, მისი ზომები ორიგინალის იდენტური მაინც არაა. კერძოდ, Apocalypse Manufacturing-ის პროექტში წინა და მეორე ღერძებს შორის მანძილი უფრო მოკლეა, ხოლო უკანა სატვირთო პლატფორმაც შედარებით პატარა ზომისაა.

მოდიფიცირებული G63 მქრქალი შავი საღებავითაა დაფარული და კარბონის ფრთებიც გამოირჩევა. ავტომობილს Brabus-ის 22-დუიმიანი დისკები და Toyo M/T Open Country-ის 35×12.5 ზომის საბურავები უყენია.

კაპოტქვეშ მოდიფიცირებულ მოდელში Mercedes-AMG-ის 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავაა მოთავსებული, რომელიც 577 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. საინტერესოა, რომ ამ შესაძლებლობებით ის ქარხნულ G63 AMG 6×6-საც კი აღემატება.

შედარებისთვის, 2013 წლის G63 AMG 6×6 ქარხნულად 5.5-ლიტრიანი V8 ტვინტურბო ძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, გერმანული კომპანიის ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი 536 ცხენის ძალასა და 760 ნმ-ს გამოიმუშავებდა.

დაინტერესებულ პირებს გეტყვით, რომ ეს Mercedes-AMG G63 6×6 ამჟამად Bring a Trailer-ის აუქციონზეა განთავსებული. თუმცა საწყის შეთავაზებაში მისი ფასი $235 000-მდე ავიდა, რითაც მინიმალური დასაშვები ფასი ვერ დაფარა და, შესაბამისად, ავტომობილი არ გაყიდულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები