აშშ საწვავის ეკონომიურობაზე სტანდარტებს მკვეთრად შეამცირებს | ცვლილება ავტომობილების ფასებზეც აისახება
ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა ქვეყანაში საწვავის ეკონომიურობის მოთხოვნების მკვეთრად შემცირებას განიხილავს. როგორც გამოცემა Reuters-ი, საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, ცვლილებების მიღებას უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: ეკონომიურად მართვის რჩევები
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ავტომწარმოებლებს აღარ მოუწევთ ისეთი ეკონომიური ავტომობილების წარმოება, როგორც ეს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებით იყო განსაზღვრული. აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის განცხადებით, ახალი სტანდარტი მალე გამოცხადდება.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციის გეგმით, 2031 წლისთვის ავტომწარმოებლების მიერ გაყიდული ავტომობილებისთვის საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე დაახლოებით 4.7 ლიტრი უნდა ყოფილიყო. შედეგად, კომპანიებს მოუწევდათ თავი შეეკავებინათ ისეთი მოდელების წარმოებისგან, რომლებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ. თუმცა, ამჟამინდელი მმართველობა გეგმავს, რომ ეს მაჩვენებელი 6.8 ლიტრამდე (100 კილომეტრზე) გაზარდოს.
ცვლილებების მიზანი ამერიკელი მომხმარებლებისთვის შეთავაზებების ზრდაა. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია დიდი ზომის SUV-ები და პიკაპები, მსგავსი ტიპის ავტომობილები კი, როგორც წესი, დიდი რაოდენობით საწვავსაც მოიხმარენ.

შედარებისთვის, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, პირიქით, ბევრად ეკონომიური და, შესაბამისად, კლიმატმეგობრული ავტომობილების წარმოების მომხრე იყო. ამ მიზნით გამკაცრდა ავტომწარმოებლების მიმართ მოთხოვნები — შეემცირებინათ ფლოტისთვის საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი — და ელექტრომობილების წარმოება გაეზარდათ.
ახალი წესების კიდევ ერთი შესაძლო შედეგი შესაძლოა ავტომობილებზე საშუალო ფასის შემცირება იყოს. კერძოდ, აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) შეფასებით, ახლად შექმნილი მოთხოვნა ავტომობილის საშუალო ფასს დაახლოებით $930-ით შეამცირებს.

თუმცა, ნაკლებად ეკონომიური ავტომობილების გამოშვება ამერიკელებისთვის საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად გაზრდის. NHTSA-ის პროგნოზით, 2050 წლამდე ქვეყანაში დაახლოებით 378.5 მილიარდი ლიტრით მეტი საწვავი დაიხარჯება, ხოლო მომხმარებლების საწვავის ხარჯი ჯამში დაახლოებით $185 მილიარდით გაიზრდება.