Range Rover-მა უნიკალური SUV შექმნა | თუმცა მას ვერ შეიძენთ
Range Rover-მა შექმნა SUV, რომელსაც მისი სხვა მოდელების უმეტესობისგან განსხვავებით, ყველა მსურველი ვერ შეიძენს. საუბარი გვაქვს სრულად უნიკალურ Range Rover SV Pearl Luster-ზე, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად დამზადდა და მისი გამეორება აღარ იგეგმება.

Range Rover SV Pearl Luster-ი სპეციალურად შექმნილი პროექტია, რომლის მიზანიც Range Rover-ის პერსონალიზაციის პროგრამის, SV Bespoke-ის, შესაძლებლობების დემონსტრირებაა. გრძელბაზიანი SUV ავტომწარმოებელმა პირველად Monterey Car Week-ის ფარგლებში წარადგინა. ავტომობილის ძრავისა და ღირებულების შესახებ კომპანიას ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა, როგორც ცნობილია, კვირეულის ფარგლებში მსურველებს ავტომობილის შეძენაზე განაცხადის გაკეთების საშუალებაც ჰქონდათ.
აუქციონს კი საქველმოქმედო დანიშნულება აქვს. Range Rover-ის უნიკალური ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი Monterey Bay National Marine Sanctuary-ს გადაეცემა. ამასთან დაკავშირებით, ავტომობილის დიზაინში ოკეანის თემაც კია გამოყენებული.

მთავარი ყურადღებაც სწორედ მის უნიკალურ დიზაინზე, ხელით შესრულებულ დეტალებსა და ექსკლუზიურობაზეა. მოდელს ასევე უნიკალური 23-დუიმიანი დისკები უყენია, რომელთა სპიცებზე დამუშავებული და გრავირებული დეტალებია დამატებული. ხოლო ინტერიერში Orchid-ის ფერის ტყავია გამოყენებული, ბუნებრივი ღია ფერის ხის დეკორითა და თეთრი ფერის ჩანართებით.
გამორჩეული დეტალია SV Signature Suite, რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილშია განთავსებული და მგზავრებს განსაკუთრებით მდიდრულ გარემოს სთავაზობს. სავარძლები იკეცება და მაქსიმალური კომფორტისთვის თითქმის საწოლივით პოზიციაშიც გადადის.

ცნობისთვის, SV Bespoke პროგრამა 2023 წელს ამოქმედდა და მომხმარებლებს თავიანთი ავტომობილების პერსონალიზაციის საშუალებას აძლევს. მისი შესაძლებლობების საჩვენებლად, Range Rover-მა SV Pearl Luster-ისთვის სპეციალურად შექმნა საღებავის ფერი, დისკები, ნაქარგები, ინტერიერის დეკორაციები და მთლიანად დიზაინის კონცეფცია, რომელიც კონკრეტულ ადგილს, კალიფორნიის სანაპიროს, უკავშირდება.
ამ მიდგომით, Range Rover-ი კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ისეთ ულტრალუქს ბრენდებს, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს კონკრეტული მომხმარებლებისთვის, ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით ქმნიან.
SV Pearl Luster-ი Range Rover-ის სამომავლო გეგმასაც განასახიერებს. სავარაუდოდ, კომპანიის ყველაზე ძვირად ღირებული მოდელების ხაზი ორ კატეგორიად დაიყოფა — სტანდარტული SV მოდელები, სერიული წარმოებისთვის, და ლიმიტირებული გამოშვების ავტომობილები. მათი რამდენიმე ან უნიკალურ ეგზემპლარად დამზადება კი SV Bespoke-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.