თქვენი მანქანა ტელეფონზე მეტად „გითვალთვალებთ“ | სად მიდის ინფორმაცია?
თანამედროვე ავტომობილები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა — სმარტფონებიდან და მაცივრებიდან დაწყებული, ძაღლის ყელსაბამებით დამთავრებული — ინტერნეტთან 24/7-ზე არიან დაკავშირებულნი. ისინი სწავლობენ ჩვენგან, იციან დეტალები ჩვენს შესახებ და უმეტესწილად ამ ინფორმაციას ცხოვრების გასამარტივებლად იყენებენ. ავტომობილები, კერძოდ, აგროვებენ მართვისა და ქცევის კრიტიკულ მონაცემებს, რომელთა შეგროვებაზე უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ გსურთ გამოიყენოთ მანქანის თანამედროვე კომფორტის ფუნქციები.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თქვენი სენსიტიური ინფორმაცია ბევრად მეტ მხარესთან ზიარდება, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. Northeastern University-სა და Consumer Reports-ის ერთობლივმა კვლევამ 19 სხვადასხვა ბრენდის 21 ავტომობილი და 30 მობილური აპლიკაცია მოიცვა, რომლებიც მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებენ.
18-გვერდიანი კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება: პირველ რიგში, მობილური აპლიკაციები იმაზე მეტ მონაცემს აზიარებენ, ვიდრე ავტომობილს სჭირდება. მობილური აპლიკაციების 70% 5-ზე მეტ უნიკალურ ATA (სარეკლამო, სათვალთვალო და ანალიტიკურ) დომენს უკავშირდებოდა, სადაც ძირითადად ლოკაციას, დროსა და სხვა მონაცემთა პაკეტებს აგზავნიდა. შესწავლილი ავტომობილების უმეტესობაში, მწარმოებლის ან მესამე მხარის აპლიკაციის დამატება სულ მცირე აორმაგებდა იმ კომპანიების რაოდენობას, რომლებთაც მფლობელის მონაცემებზე მიუწვდებოდათ ხელი. მაგალითად myCadillac აპლიკაცია 51 სხვადასხვა ATA დომენს დაუკავშირდა.

გარდა ამისა, Wi-Fi ქსელში ჩართვისას ავტომობილები მაქსიმუმ 4 პირველად (მწარმოებლის) დომენს უკავშირდებოდნენ, ხოლო ინტეგრირებული მესამე მხარის დომენების საშუალო რაოდენობა 9 იყო. Tesla Model 3 34 ATA დომენს დაუკავშირდა, ხოლო Cybertruck-ი 23-ს. Mercedes EQS-სა და Buick Envista-ს მესამე მხარის დომენებთან საერთოდ არ ჰქონიათ კავშირი. 21 ავტომობილიდან 13 უკავშირდებოდა Google-ის ATA დომენებს (მათ შორის doubleclick.net-ს, რომელიც ავტომობილის საბაზისო ფუნქციონირებისთვის საერთოდ არ არის საჭირო).
აღმოჩნდა, რომ აპლიკაციები თქვენს VIN კოდსაც კი აზიარებენ. 7 აპლიკაცია (21-დან 19 ავტომობილის შემთხვევაში) პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარის ATA კომპანიებს გადასცემდა. ყველაზე ხშირად ზიარდებოდა VIN კოდი, რომელსაც Google, Microsoft და Meta იღებდნენ.

გამოკვლეული 17 მწარმოებლიდან 14-მა განაცხადა, რომ მონაცემთა ნაკადი რეგულირდება კონტრაქტებით. ხუთმა მათგანმა ბრალი აპლიკაციებში ჩაშენებულ ბრაუზერებს დასდო, ხოლო შვიდმა აღნიშნა, რომ მესამე მხარის წესებისა და პირობების წაკითხვა უშუალოდ მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
რა თქმა უნდა, თუ ამ ფუნქციებს გამორთავთ, ავტომობილს სრული პოტენციალით ვერ გამოიყენებთ — Tesla მომხმარებლებს აფრთხილებს ფუნქციონალის შეზღუდვის ან ავტომობილის უმოქმედობის შესახებ, ხოლო Rivian-ი აცხადებს, რომ უარის თქმის შემთხვევაში გაითიშება ნავიგაცია და დისტანციურად განახლებების მიღების ფუნქცია.
კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულია, რომ მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს, თუმცა კონკრეტულად ვის და რატომ — დაზუსტებული არ არის. ერთადერთი გამონაკლისი Honda აღმოჩნდა: კომპანიამ სერვის Amplitude-ს მიღებული ლოკაციის მონაცემების წაშლა მოსთხოვა. ერთი სიტყვით, ელექტრომობილებისა და ტექნოლოგიურად გადატვირთული ავტომობილების სამყაროში თქვენი პირადი მონაცემები 100%-ით დაცული, ფაქტობრივად, არასდროს არის.