ბიემვი, ბიემვი მეხუთე სერია, ბიემვი ემ5 ე39, ფოლკსვაგენი, ბეემვე, ფერდინანდ პიეხი, ბეემვე ემ5
Aa
Aa

აუქციონზე უნიკალური BMW M5 E39 იყიდება

იმ დროს, როდესაც E39 თაობის BMW M5 თავის გზაზე ყველაფერს იმორჩილებდა, Volkswagen-ს თურმე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შეექმნა მისი კონკურენტი სუპერ-სედანი ექსპერიმენტული W10 ძრავით. თუმცა, იმ მომენტში გერმანულ ავტომწარმოებელს არ მოეპოვებოდა საკუთარი პლატფორმა, რომელზეც ამ აგრეგატს გამოცდიდა.

ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

ამიტომ, განსვენებული ფერდინანდ პიეხის — Bugatti Veyron-ის იდეური მამისა და უამრავი ლეგენდარული პროექტის ავტორის — პირდაპირი მითითებით, ექსპერიმენტული W10 ძრავი ჩადგეს... სწორედ E39 BMW M5-ის კაპოტის ქვეშ! სურათებზე სწორედ ეს ავტომობილია — W10 ძრავით აღჭურვილი E39 M5-ის პროტოტიპი, რომელსაც პირადად პიეხი მართავდა. ახლა კი ეს უნიკალური ეგზემპლარი აუქციონზე გასაყიდად გამოდის.

ქარხნული 5.0-ლიტრიანი V8-ის ნაცვლად, VW-მა სედანში ასევე 5.0-ლიტრიანი ატმოსფერული W10 ჩადო. ეს აგრეგატი 473 ცხენის ძალასა და 593 ნიუტონს გამოიმუშავებდა და უკანა თვლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით უკავშირდებოდა. ეს მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატებოდა BMW M-ის ქარხნულ S62 ძრავს (394 ცხ.ძ. / 500 ნმ). გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მოხსნილი და გათიშული იყო მოჭიდების კონტროლის, სტაბილიზაციისა და ABS-ის სისტემები.

როგორც ირკვევა, პროექტი არასდროს ყოფილა VW-ს ოფიციალური პროგრამა — ეს იყო უბრალოდ პიეხის პირადი სურვილი, რომლის შემუშავებაც, ცნობების თანახმად, დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაჯდა და მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპია, ავტომობილი სრულად ფუნქციურია.

ავტომობილის სალონში BMW-ს ქარხნული ინტერიერი თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული, თუ არ ჩავთვლით სპეციალურად დამზადებულ ინსტრუმენტების პანელს. მასზე ოდომეტრი საერთოდ არ არის, შესაბამისად, არავინ იცის, სულ რამდენი კილომეტრი აქვს გავლილი ამ M5-ს. ავტომობილის ამჟამინდელმა მფლობელმა ის დაახლოებით 10 წლის წინ შეიძინა, მას რეგულარულად მართავს (რაც ნამდვილად შექების ღირსია) და სრული ტექნიკური მომსახურება 2025 წელს ჩაუტარა.


Broad Arrow Auctions-ი ვარაუდობს, რომ მომავალ კვირას ბელგიაში გასამართ აუქციონზე ავტომობილი 215 000-დან 300 000 ფუნტ სტერლინგამდე ფასად გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები