ირანმა ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა | მიზეზი
ირანმა ქვეყანაში ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა. რიგი გამოცემების ცნობით, გადაწყვეტილება ირანის მოსახლეობაში მზარდ უკმაყოფილებას მოჰყვა, რომლებიც ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მდიდრულ უბნებში ძვირად ღირებული ავტომობილების რაოდენობის მატებას აპროტესტებენ.
ირანის მიერ ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ადგილობრივმა მედიებმა ორშაბათს გამოაქვეყნეს. მათივე ცნობით, ირანის ეს ნაბიჯი უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინების შეზღუდვის მიზანსაც ემსახურება.

საინტერესოა, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავადაც, ირანის დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა ამტკიცებს, რომ 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ძალების მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მდიდრულ უბნებში ძვირად ღირებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. ირანის დიდი ქალაქების ქუჩებში კი სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ჩინური წარმოების ელექტრომობილები და SUV-ები.
ზოგიერთი შეძლებული ირანელი კი ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენას ინვესტიციად განიხილავს, რადგან, როგორც წესი, ქვეყანაში მეორადი მანქანების ფასები შედარებით სტაბილურად ნარჩუნდება.

ირანში ავტომობილების ფასი ზოგადად მაღალია. პატარა ზომისა და საწყისი კლასის მოდელების ღირებულებაც კი $11 000-ს აღემატება, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სოლიდური თანხაა. ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი მხოლოდ რამდენიმე ასეულ ევროს შეადგენს, რის გამოც ახალი ავტომობილის შეძენა ბევრი მოქალაქისთვის რთულად ხელმისაწვდომია. სხვა მხრივ, შიდა წარმოების შედარებით ხელმისაწვდომი მოდელების შეძენაზე კი ე.წ. ლატარეის პრინციპი მოქმედებს, რაც მათ შესყიდვას ართულებს.
ავტომობილების მაღალი ფასების ფონზე განსაკუთრებით თვალსაჩინოა საწვავის დაბალი ღირებულება. ნავთობით მდიდარ ირანში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბენზინი ერთ-ერთი ყველაზე იაფია და მისი ფასი ლიტრზე მხოლოდ რამდენიმე ცენტის ეკვივალენტს შეადგენს.

ცნობისთვის, ირანის ახალ აკრძალვაზე ფასის ზღვარი, რომლის ზემოთაც ავტომობილი „ძვირად ღირებულად“ ჩაითვლება, ამ ეტაპზე გამოქვეყნებულ ცნობებში მითითებული არ არის.