პოლ უოკერის დაკარგულ Lancer Evo-ს 23 წლის შემდეგ ბეღელში მიაკვლიეს
ავტომოყვარულთა საკულტო ფილმ 2 Fast 2 Furious-ში გამოყენებული მწვანე ფერის Mitsubishi, რომელიც წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, დაკარგულად ითვლებოდა, „აღმოაჩინეს“. ეს მოდელი კი Mitsubishi Lancer Evolution VII გახლდათ, რომელიც პოლ უოკერის პერსონაჟს, ბრაიან ო’კონერს ეკუთვნოდა.
Evo-ს ნიუ-იორკის ერთ ძველ ბეღელში კოლექციონერმა, გაბრიელ ტრემბლემ მიაკვლია და ახლა მის აღდგენას გეგმავს.
ასევე დაგაინტერესებთ: პოლ უოკერის საიდუმლო ავტოკოლექცია, რომელიც გაგაოცებთ
ჩვენთვის ცნობილი, როგორც „ფორსაჟის“ (Fast & Furious) გამორჩეული ავტომობილი, კაშკაშა მწვანე Mitsubishi Lancer Evolution VII წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. კოლექციონერმა გაბრიელ ტრემბლემ, რომელიც The Furious Garage-ის პროექტთან თანამშრომლობს, Evo-ს აღმოჩენის შესახებ გამომწერებს თავისივე სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო. მისი განცხადებით, ნაპოვნი მანქანა ფილმში გამოყენებული ორიგინალი Hero 1 Evo-ა.
Mitsubishi Lancer Evolution VII 2003 წელს გამოსულ ფილმ 2 Fast 2 Furious-ში გამოჩნდა. კაშკაშა Candy Lime-ის ფერის საღებავით შეღებილ Evo-ს დიდი უკანა სპოილერი აქვს, ხოლო ძარის მოდიფიცირებული დეტალები მას ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ავტომობილად აქცევდა.

ამ მოდელმა იაპონური სპორტული ავტომობილების პოპულარობის ზრდაშიც დიდი როლი ითამაშა. ფაქტობრივად, ეს მოდელი ფილმში მაშინ გამოჩნდა, როდესაც იაპონური მოდელები ამერიკელ ავტომოყვარულებს შორის სულ უფრო დიდ დაინტერესებას იწვევდა.
თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ Evo ფართო საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა. ტრემბლეს თქმით კი, ის ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბეღლის ავტოფარეხში ინახებოდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მისი განცხადების მიღმა ავტომობილის მფლობელების ისტორია და ზუსტი გარემოებები დამოუკიდებლად ჯერ არ დადასტურებულა. შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება, როგორც ფილმის ორიგინალი მანქანისა, ჯერ ადრეა და მხოლოდ შესაბამისი დასკვნების გაკეთების შემდეგ შეიძლება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფილმის გადაღებისას Mitsubishi Lancer Evolution VII-ის რამდენიმე ეგზემპლარი გამოიყენეს — სხვადასხვა სცენისა და მოთხოვნების შესაბამისად. Hero 1 კი იმ მთავარ ავტომობილს ნიშნავს, რომელიც ფილმში წამყვანი მანქანის როლს ასრულებდა.
ტრემბლე და The Furious Garage-ის გუნდი ახლა ავტომობილის აღდგენაზე მუშაობენ, რათა მას ფილმში გამოყენებული იერსახე დაუბრუნონ. კოლექციონერის განცხადებით, ავტომობილს საზოგადოებას Fuelfest-ის ღონისძიებაზე წარუდგენენ.
View this post on Instagram
ცნობისთვის, The Furious Garage „ფორსაჟის“ ფილმებში გამოყენებული ავტომობილების მოძიებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამ დრომდე გუნდმა ფრენჩაიზთან დაკავშირებული 15 ავტომობილის გადარჩენა შეძლო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს