რას ნიშნავს Mercedes-Benz-ის G-Class-ის სახელწოდებაში ასო „G“?
ლეგენდარული ყველგანმავლის სახელწოდება გერმანული სიტყვიდან, Geländewagen, მოდის, რაც უგზოობისთვის განკუთვნილ ავტომობილს ნიშნავს. ეს მოდელი თავდაპირველად სამხედრო დანიშნულებით შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით Mercedes-Benz-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ძვირად ღირებულ SUV-ად იქცა.
ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო
Mercedes-Benz G-Class-ი, რომელსაც ხშირად G-Wagon-ად მოიხსენიებენ, დღემდე ავტოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია და ზოგი მიიჩნევს კიდეც, რომ მას პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს. წლების განმავლობაში SUV სამხედრო ყველგანმავლიდან სიმდიდრის სიმბოლოდ გადაიქცა, თუმცა მისი სახელწოდების მნიშვნელობა და თავდაპირველი დანიშნულება არ შეცვლილა — ის დღემდე უცვლელ ისტორიასთანაა დაკავშირებული.

მოდელის შექმნის იდეა 1970-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის სახელთანაა დაკავშირებული. მან გერმანულ ავტომწარმოებელს გამძლე და მძლავრი სამხედრო ყველგანმავლის შექმნა შესთავაზა. მოდელზე მუშაობა Mercedes-მა 1972 წელს დაიწყო. პროექტი Daimler-Benz-ისა და ავსტრიული Steyr-Daimler-Puch-ის თანამშრომლობით განხორციელდა, ხოლო მისი წარმოება ავსტრიაში მიმდინარეობდა.
1979 წელს ბაზარზე ამ მოდელის სამოქალაქო ვერსია გამოჩნდა, რომელიც G-Class-ის სახელით გახდა ცნობილი.
რას ნიშნავს ასო „G“?
Mercedes-Benz-ის მოდელების სახელწოდებებში ეს ასოები, როგორც წესი, იმ კონკრეტულ კლასს აღნიშნავს, რომელსაც მოდელი მიეკუთვნება. G-Class-ის შემთხვევაში კი ასო „G“ გერმანული სიტყვის — Geländewagen-ის — პირველი ასოა. ქართულად ეს სიტყვა ყველგანმავალს ან, თუ მოგესურვებათ, უგზოობისთვის (ოფ-როუდისთვის) განკუთვნილ ავტომობილს ნიშნავს.

შედეგად, სახელწოდება პირდაპირ უკავშირდება ამ ავტომობილის თავდაპირველ დანიშნულებას: რთულ რელიეფზე გადაადგილებასა და ისეთ პირობებში მუშაობას, სადაც სტანდარტული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება არ ხერხდება.
G-Class-ის სამხედრო ვერსიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესაც გამოიყენება. მათ შორის, დაუზუსტებელი ცნობებით, ამ მოდელს სამხედრო დანიშნულებით 40-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. თავად Mercedes-Benz-ი კი SUV-ის გამარტივებულ ვერსიებს სამხედრო ბაზრისთვის კვლავ აწარმოებს. ეს უკანასკნელი W464-ის სახელითაა ცნობილი და 2022 წელს წარადგინეს.

დღევანდელი G-Class-ის ინტერიერი და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელიც თავდაპირველად სამხედრო დანიშნულებით შეიქმნა. თანამედროვე ვერსიებში მაღალი ხარისხის ხის მასალები, მოწინავე ტექნოლოგიები და პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობებია შემოთავაზებული.
წლების შემდეგ კი, იმის მიუხედავად, რომ დღეს G-Class-ი უფრო მეტად სიმდიდრესა და სტატუსთან ასოცირდება, მისი მთავარი მახასიათებელი კვლავ რთულ რელიეფზე გადაადგილების შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ, ასო „G“ მხოლოდ მოდელის სახელის ნაწილი კი არა, იმ დანიშნულების შეხსენებაცაა, რისთვისაც, რეალურად, ეს ავტომობილი შეიქმნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს