საინტერესო, საკითხავი, ზეთი, ზეთსაზომი
Aa
Aa

რატომ ამბობენ თანამედროვე ავტომწარმოებლები ზეთსაზომ ღეროებზე უარს?

ათწლეულების განმავლობაში ავტომობილების უმეტესობას ზეთის დონის შესამოწმებლად მარტივი მექანიკური საზომი, ე.წ. „ზეთსაზომი ღერო“ (დიპსტიკი) ჰქონდა. დღეს კი ამ დეტალის გარეშე სულ უფრო მეტი ავტომობილი გამოდის, ხოლო მის ნაცვლად ავტომწარმოებლები მძღოლებს ციფრულ ინდიკატორს სთავაზობენ. ცვლილებების მიზეზი ზეთის დონის კონტროლის გამარტივებაა, ასევე ძრავის დაზიანების რისკის შემცირება და, რა თქმა უნდა, ზეთის დონის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებაც.

ასევე იხილეთ: ძრავის მოვლისთვის საჭირო რჩევები

„ზეთსაზომი ღერო“ მძღოლს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს, საკმარისი ზეთია თუ არა ძრავაში. თანამედროვე ავტომობილების ნაწილში კი ამ ინფორმაციის მისაღებად მძღოლმა საინფორმაციო/გასართობ სისტემაში შესაბამისი მენიუ უნდა მონახოს ან ინსტრუმენტთა დაფაზე ციფრული მაჩვენებელი გამოიყენოს.

ამასთან დაკავშირებით, 2024 წელს გამოცემა Automotive News-ს ავტომწარმოებლების წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი თავად მომხმარებელთა ქცევა გახდა. მაგალითად, Stellantis-ის წარმომადგენლის, დეილ ჯუეტის განმარტებით, მძღოლების უმეტესობა ზეთის დონის ხელით შემოწმებას აუცილებლად აღარ მიიჩნევს. ელექტრული სენსორი კი მათ ამ ინფორმაციას ავტომობილის დაქოქვისთანავე აწვდის.

Mercedes-Benz-ის წარმომადგენლის, ენდრიუ ბრუდნიკის განმარტებით, ციფრული სისტემა პრიორიტეტული გახდა, რადგან მძღოლს დროულად აქვს ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მას ძრავის დაზიანების თავიდან აცილებაში დაეხმაროს.

რატომ მიიჩნევენ ციფრულ სისტემას უფრო მოსახერხებლად?

„ზეთსაზომი ღეროს“ გამოყენება ბევრისთვის, მით უმეტეს, ძველი თაობის მძღოლებისთვის, შესაძლოა უფრო მარტივი იყოს. თუმცა სწორად შეფასება გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. სხვადასხვა ავტომობილში ღეროზე შეიძლება მინიმალური და მაქსიმალური დონის აღმნიშვნელი ნიშნები, სპეციალური შტრიხები ან სხვა მონიშვნები დამატებული იყოს. მძღოლმა კი მათი წაკითხვა სწორად უნდა იცოდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში ძრავაში ზეთი დაამატოს.

ძრავაში ზეთის არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა ძრავის დაზიანება გამოიწვიოს, თუმცა არც ზედმეტი ზეთის ჩასხმაა უსაფრთხო. განსაკუთრებით რთული კი ზეთის დონის ზუსტად განსაზღვრა ალბათ იმ ადამიანებისთვის იქნება, რომლებსაც ავტომობილის დამოუკიდებლად მოვლის გამოცდილება არ აქვთ.

Mercedes-Benz-ის წარმომადგენლის განმარტებით, ელექტრონული გაზომვა შეცდომის რისკებს ამცირებს. ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას შესაძლოა შედეგზე გავლენა ავტომობილის არასწორ ზედაპირზე გაჩერებამ ან ძრავის ტემპერატურამ იქონიოს. ციფრულად გაზომვის შემთხვევაში კი ამის რისკი თითქმის არ არსებობს.

Consumer Reports-ის სატესტო პროექტების ხელმძღვანელი მაიკლ კროსენი ყურადღებას კიდევ ერთ გავრცელებულ შეცდომაზე — ზედმეტი ზეთის დამატებაზე — ამახვილებს. გარდა ამისა, თანამედროვე ავტომობილების ძრავებს ხშირად კონკრეტული სპეციფიკაციის ზეთი სჭირდება, მწარმოებლები კი ცდილობენ, მძღოლებმა შემთხვევით შერჩეული სითხე არ გამოიყენონ.

უსაფრთხოება და ხარჯების შემცირება

„ზეთსაზომი ღეროების“ გაუქმება უსაფრთხოების საკითხებსაც უკავშირდება. კროსენის თქმით, თანამედროვე ავტომობილების დიდი ნაწილი უკვე ჰიბრიდულია და მაღალი ძაბვის სისტემებსაც იყენებს. ეს კი კაპოტქვეშ მუშაობისას დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს.

ამასთან, თანამედროვე ძრავებისა და გადაცემათა კოლოფების კონსტრუქციაც უფრო კომპლექსური გახდა. არასწორი სითხის გამოყენებამ ან რაოდენობის არასწორად განსაზღვრამ შესაძლოა ავტომობილის მაღალხარჯიან დაზიანებამდე მიგვიყვანოს. მწარმოებლები კი ცდილობენ, მძღოლებს ასეთი შემთხვევები მაქსიმალურად თავიდან ააცილონ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ასევე დაგაინტერესებთ
    სანავთობო კრიზისი ძრავის ზეთების დეფიციტს იწვევს | საპოხი მასალები თანდათან ძვირდება
    სანავთობო კრიზისი ძრავის ზეთების დეფიციტს იწვევს | საპოხი მასალები თანდათან ძვირდება