აშშ-დან საქართველოში 15.2%-ით ნაკლები ავტომობილი შემოვიდა, ხოლო ჩინეთიდან 65%-ით მეტი | საქსტატი
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ღირებულებით 13.3%-ით, რაოდენობრივად კი 12%-ით შემცირდა. ამასთან, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი როგორც ღირებულებით, ისე რაოდენობრივად, დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული. ამის პარალელურად, აშშ-დან ავტომობილების იმპორტი 15%-ით იკლებს, ჩინეთიდან კი 65%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
კერძოდ, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2.652 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 161 815 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 3.058 მლრდ აშშ დოლარი და 183 952 ერთეული შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, აშშ-დან ავტომობილების იმპორტი შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-დან საქართველოში 123 122 ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 1.519 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტირებული იყო 145 160 ავტომობილი, 1.805 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებით. შედეგად, იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 15.2%-ით, ხოლო ღირებულება 15.8%-ით შემცირდა.
სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი. საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველოში 7 443 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა ღირებულებამ 71.103 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტირებული იყო 4 520 ავტომობილი, 40.410 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. შესაბამისად, იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 65%-ით, ხოლო ღირებულება 75.9%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტომობილების იმპორტის მოცულობით ხუთი უმსხვილესი ქვეყანა იყო:
-
აშშ — 123 122 ერთეული (1.519 მლრდ აშშ დოლარი);
-
იაპონია — 16 491 ერთეული (381.027 მლნ აშშ დოლარი);
-
ჩინეთი — 7 443 ერთეული (71.103 მლნ აშშ დოლარი);
-
გერმანია — 3 758 ერთეული (322.976 მლნ აშშ დოლარი);
-
კორეის რესპუბლიკა — 3 431 ერთეული (51.284 მლნ აშშ დოლარი).
შემცირებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.529 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 63 141 ავტომობილი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეექსპორტის მოცულობა 2.003 მლრდ აშშ დოლარსა და 82 529 ერთეულს შეადგენდა.
შედეგად, რეექსპორტირებული ავტომობილები როგორც რაოდენობრივად, ისე ღირებულებით თითქმის 24%-ით შემცირდა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით ხუთი უმსხვილესი ქვეყანა იყო:
-
ყაზახეთი — 21 036 ერთეული (332.458 მლნ აშშ დოლარი);
-
ყირგიზეთი — 16 473 ერთეული (619.798 მლნ აშშ დოლარი);
-
ირანი — 7 380 ერთეული (129.671 მლნ აშშ დოლარი);
-
ტაჯიკეთი — 4 582 ერთეული (82.993 მლნ აშშ დოლარი);
-
აზერბაიჯანი — 4 336 ერთეული (149.585 მლნ აშშ დოლარი).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს