არც Mercedes-ი, არც BMW | ავტომობილი, რომელმაც რეკორდული 5.25 მილიონი კილომეტრი გაიარა
1966 წლის Volvo P1800 S-მა მფლობელთან, ირვ გორდონთან ერთად, 5.25 მილიონ კილომეტრზე მეტი დაფარა. ავტომობილი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყოველდღიურად გამოიყენებოდა, დღეს უკვე შვედეთში, Volvo-ს მუზეუმში ინახება.
ასევე იხილეთ: მანქანა, რომელმაც 5 000 000 კმ დაფარა - 10 გიჟური რეკორდი
როგორც წესი, ავტომობილების უმეტესობა რამდენიმე მფლობელს იცვლის. თუმცა არის ისეთი გამონაკლისები, როდესაც მესაკუთრე თავის საყვარელ მანქანას თითქმის მთელი ცხოვრება იტოვებს. განსაკუთრებით იშვიათი კი ის შემთხვევებია, როდესაც მფლობელი ამ კონკრეტული ავტომობილით რამდენიმე მილიონ კილომეტრსაც ფარავს. თუმცა სწორედ ასეთი რეკორდი დაამყარა ამერიკელმა მასწავლებელმა, ირვ გორდონმა, თავისი 1966 წლის Volvo P1800 S-ით.
გორდონმა წითელი 1966 წლის Volvo 1966 წლის ივნისში, 25 წლის ასაკში, $4 150-ად შეიძინა. ავტომობილი კი იმდენად მოეწონა, რომ შეძენისთანავე ის უქმეები ავტომობილის მართვაში გაატარა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში კი ავტომობილი სადილეროში მიაბრუნა, რადგან 2 400 კილომეტრის გავლის შემდეგ დაგეგმილი სერვისი უწევდა. გორდონი ავტომობილს ყოველდღიურად იყენებდა და სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად საშუალოდ 200 კილომეტრსაც გადიოდა. შედეგად, სულ რაღაც 10 წელიწადში Volvo-ს გარბენმა 805 000 კილომეტრს მიაღწია.

თავდაპირველად გორდონს რეკორდის დამყარების სურვილი სულაც არ ამოძრავებდა. მისმა ოდომეტრმა 500 000 მილს (დაახლოებით 805 000 კმ) 1987 წელს გადააჭარბა. 2002 წელს კი მილიონი მილიც გადალახა, რაც დაახლოებით 1.61 მილიონი კილომეტრი იყო. ეს მოვლენა ტაიმს-სკვერზე აღნიშნეს და გორდონის Volvo-ც უკვე საქვეყნოდ ცნობილი იყო.
თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ჯერ კიდევ წინ იყო:
2013 წლის 18 სექტემბერს გორდონმა და მისმა Volvo P1800 S-მა 3 მილიონი მილის ნიშნული გადალახეს. ეს დაახლოებით 4.83 მილიონი კილომეტრია. რეკორდული მომენტისთვის კი ალასკის ერთ-ერთი გზატკეცილის მონაკვეთი შეარჩიეს.
დანიშნულების ადგილამდე Volvo დახურული სატვირთო მანქანით გადაიყვანეს, გორდონი კი იქ თვითმფრინავით ჩაფრინდა. მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილს ალასკის გზებზე მართავდა და თან აკვირდებოდა, რომ ეს ისტორიული მომენტი არ გამორჩენოდა.

მთავარი კი ის იყო, რომ გორდონს რეკორდის დამყარების სურვილზე მეტად ავტომობილის მართვისგან მიღებული სიამოვნება ამოძრავებდა. მას უბრალოდ თავისი Volvo-ს მართვა უყვარდა.
2018 წლის 15 ნოემბერს, გორდონის გარდაცვალებისას, Volvo-ს ოდომეტრი 3 260 257 მილს აჩვენებდა, რაც დაახლოებით 5.25 მილიონი კილომეტრია. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს 3 მილიონი მილის მიღწევის შემდეგ მან ამ ავტომობილით კიდევ 400 000 კილომეტრზე მეტი დაფარა.

როგორ გაუძლო Volvo-მ მილიონობით კილომეტრს?
განსაკუთრებით საინტერესო ის ფაქტია, რომ ამ მიღწევის მიღმა საიდუმლო ტექნოლოგია ან სპეციალურად რეკორდებისთვის შექმნილი ავტომობილი არ იდგა. Volvo P1800 S სპორტული ვიზუალის კუპე გახლდათ, რომლის დიზაინი ყურადღებას ნამდვილად იპყრობდა. მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მფლობელის განსაკუთრებული ყურადღება იყო.

გორდონი მანქანას ტექნიკურ მომსახურებას რეგულარულად და საგულდაგულოდ უტარებდა. ამასთან, ავტომობილი არც კოლექციურ ექსპონატად უქცევია და, პირიქით, მას ყოველდღიურად იყენებდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ Volvo-ს რეკორდის დამყარების დროისთვის ყველა ნაწილი ქარხნულად ჰქონდა შენარჩუნებული. ავტომობილში კვლავ თავდაპირველი ძრავა იდგა, თუმცა მას სრული აღდგენა ორჯერ დასჭირდა. წლების განმავლობაში კი ავტომობილს არაერთი სარემონტო სამუშაო ჩაუტარდა.
მაშინ, როდესაც გორდონის Volvo-მ 2 მილიონ მილს მიაღწია, შვედურმა ავტომწარმოებელმა მას C70 აჩუქა. სამი მილიონი მილის ნიშნულის მიღწევის შემდეგ კი გორდონმა XC60-იც მიიღო. თუმცა თავად ყოველთვის უპირატესობას თავის ძველ წითელ P1800 S-ს ანიჭებდა.

გორდონის გარდაცვალების შემდეგ ავტომობილი მის ქალიშვილს, დანიელ გორდონს, გადაეცა. საბოლოოდ კი, ოჯახთან შეთანხმებით, Volvo-მ ავტომობილი გამოისყიდა, რათა მოდელი, რომელიც ბრენდის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, შეენარჩუნებინა. ახლა ის World of Volvo-შია გამოფენილი და მსურველებსაც მისი ხილვა შეუძლიათ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს