რატომ ამტვრევს Mercedes-Benz-ი ყოველწლიურად 900-ზე მეტ ავტომობილს?
Mercedes-Benz-ს ახალი და ძალიან ამბიციური მიზანი ამოძრავებს: გერმანულ ავტომწარმოებელს 2050 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების სრულად აღმოფხვრა სურს. ამ მიზნის მისაღწევად კი Mercedes-ი ყოველწლიურად ასობით ავტომობილს ამტვრევს, ათასობით ვირტუალური ავარიის სიმულირებით კი რეალურ ავტოსაგზაო შემთხვევებს დეტალურად იკვლევს.
ასევე იხილეთ: რატომ გვიყვარს ძველი მანქანები — გამძლე და საიმედო?
კომპანიის უსაფრთხოების კვლევისა და განვითარების ცენტრში ყოველწლიურად 900-ზე მეტი ავტომობილი შეჯახების ტესტებისთვის გამოიყენება. ამას ემატება დაახლოებით 1 700 სპეციალური ტესტირება, რომლის დროსაც დატვირთული ლითონის პლატფორმა უძრავ ავტომობილს ეჯახება.
Mercedes-Benz უსაფრთხოების სფეროში არაერთი ინოვაციითაა ცნობილი, ახლა კი გერმანული ავტომწარმოებელი ბევრად გრძელვადიან გეგმას ისახავს: ეს მიზანი არა მხოლოდ ავარიების დროს ადამიანების დაცვას, არამედ თავად შეჯახებების თავიდან აცილებას გულისხმობს.

15 000 ვირტუალური ტესტი თითოეული მოდელისთვის
კომპანიაში ახალი ავტომობილის უსაფრთხოებაზე მუშაობას ჯერ კიდევ მანამ იწყებენ, სანამ პროტოტიპი რეალურ ინციდენტში აღმოჩნდება. ინჟინრები ამისთვის ციფრულ სიმულაციებს იყენებენ და აფასებენ, როგორ გაუძლებს ავტომობილი სხვადასხვა ტიპის ავარიებს.
წარმოებაში ჩაშვებამდე თითოეული ახალი მოდელი სულ მცირე 15 000 ვირტუალურ ტესტს გადის. სიმულაციები ინჟინრებს ეხმარება დაადგინონ, სად არის საჭირო კონსტრუქციის გამაგრება და რომელი მასალები უნდა გამოიყენონ. შემდეგ ციფრულ მოდელებს რეალური ტესტებით ამოწმებენ, ხოლო ამის შემდეგ თითოეული ახალი მოდელი წარმოებაში ჩაშვებამდე მინიმუმ 150 ფიზიკურ შეჯახების ტესტს გადის.
ტესტირებებში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს სპეციალური მანეკენები ასრულებენ, რომლებიც ადამიანის სხეულის ზომისა და აგებულების არიან. მანეკენებში 150-მდე სენსორია დამონტაჟებული, რომლებიც შეჯახებისას სხეულზე მოქმედ ძალებსა და ავტომობილის შიგნით მიმდინარე პროცესებს იმახსოვრებს. ინჟინრების განმარტებით, ავარიის დროს გადამწყვეტი შეიძლება რამდენიმე სანტიმეტრიც კი აღმოჩნდეს.

რას აკეთებს Mercedes-Benz-ი მაშინ, როდესაც ავარიის თავიდან აცილება შეუძლებელია?
გერმანული ავტომწარმოებელი აცნობიერებს, რომ ყველა ავარიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება. ამიტომაც უსაფრთხოების სტრატეგიის მეორე მიმართულება ავარიის შემდეგ სამაშველო ოპერაციების დაჩქარებაა. Mercedes-Benz-ი მომდევნო წლიდან ავტომობილებისთვის სპეციალური საინფორმაციო ბარათების დანერგვას გეგმავს. ისინი მაშველებს ავტომობილების შესახებ მნიშვნელოვან ტექნიკურ ინფორმაციას მიაწვდის.
კომპანია სამომავლოდ ამ მოდელის კიდევ უფრო დახვეწასაც გეგმავს. მაგალითად, მაშველებს ავტომობილთან მისვლამდე აცნობებს მოდელის, ავარიის სიმძიმისა და ავტომობილში მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ. ასევე განიხილება VR-სათვალეების გამოყენება, რაც მაშველებს ავტომობილის კონსტრუქციის უკეთ აღქმაში დაეხმარება.

საინტერესოა ისიც, რომ Mercedes-Benz-ი ელექტრომობილებს კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ამოწმებს. ელექტრომობილები ინჟინრებისთვის დამატებით გამოწვევას ქმნის, რადგან ავარიის დროს ბატარეის დაზიანების საფრთხე კრიტიკული მნიშვნელობისაა და დეტალურად უნდა შემოწმდეს. სწორედ ამიტომ Mercedes-Benz-ი სავალდებულო სტანდარტებით გათვალისწინებულ ტესტებს არ სჯერდება და უფრო მკაცრ სცენარებსაც იყენებს.
შესაძლებელია თუ არა 2050 წლისთვის ავარიების სრულად აღმოფხვრა?

Mercedes-Benz-ის ხედვით, ამ მიზნის მისაღწევად ფუნდამენტი მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიების განვითარება და ავტომატიზაციის გაფართოებაა. დღეს უკვე არსებობს სისტემები, რომლებიც მოსალოდნელი შეჯახების რისკს აფიქსირებს და ავტომატურად დამუხრუჭებაც შეუძლია. მომავალში ეს სისტემები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაიხვეწება, ხოლო ავტომობილებს შორის ინფორმაციის გაცვლა ავარიების პრევენციისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.
თუმცა კვლავ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და, შესაბამისად, Mercedes-Benz-ის 2050 წლის ამბიციური გეგმაც მხოლოდ გეგმად რჩება. ამის მიუხედავად, გერმანული ავტომწარმოებლის მიერ ჩატარებული ტესტები და უსაფრთხოების ტექნოლოგიების განვითარება იმედს იძლევა, რომ მომავალში ავარიების რაოდენობა დაიკლებს, ხოლო მათი შედეგები ნაკლებად მძიმე იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს