BMW-მ ავტოსპორტის ლეგენდის პატივსაცემად უნიკალური M3 შექმნა
BMW Italia-მ EICMA 2026-ზე უნიკალური BMW M3 წარადგინა, რომელსაც მოტოციკლებთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს ავტომობილი BMW Motorrad-ის მე-14 დარბაზშია გამოფენილი და ლეგენდარული იტალიელი მრბოლელის, ალექს ძანარდის პატივსაცემად შეიქმნა. სპეციალური მოდელი მის 60 წლის იუბილეს ეძღვნება.
ასევე იხილეთ: კაცი, რომელმაც სიკვდილზე 2-ჯერ გაიმარჯვა და ოცნებებს მიაღწია
BMW Italia-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, სერჯიო სოლეროს განცხადებით, კომპანიისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძანარდთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ, მრბოლელისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საუბარი განსაკუთრებით რთულია, რადგან დღემდე მისი ხსოვნა ცოცხალია.

ძანარდისა და BMW-ის პარტნიორობა სარბოლო ტრასიდან პარაოლიმპიურ პოდიუმებამდე გაგრძელდა, მოგვიანებით კი არაერთი სოციალური პროექტიც მოიცვა. არც ისაა შემთხვევითობა, რომ უნიკალური M3-ის წარდგენა BMW M3-ის 40 წლის იუბილეს დაემთხვა. ხოლო BMW Italia-მ ძანარდის მოდელის პრეზენტაციისთვის მოტოციკლების გამოფენა EICMA შეარჩია და არა რომელიმე საავტომობილო ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ ძანარდიმ 2001 წელს ლაუზიცრინგის ტრასაზე ავარიის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. მას შემდეგ ის BMW-ს ავტომობილებს სპეციალური ხელის მართვის სისტემის გამოყენებით მართავდა.
ტექნიკური თვალსაზრისით, ძანარდის პატივსაცემად შექმნილი M3 სტანდარტული მოდელისგან არ განსხვავდება. BorromeoDeSilva-ს სამუშაო მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებებს მოიცავს და ძრავისა და ძარის ცვლილებებს არ შეხებია.
ექსტერიერში BMW M-ის ტრადიციული ლურჯი, იისფერი და წითელი ფერები თანამედროვე გრაფიკული სტილით წარმოადგინა. ეს დიზაინი ბრენდის სარბოლო ავტომობილებზე გამოყენებულ სტილს ეფუძნება. გრაფიკულ კომპოზიციაში ვხვდებით ანანასსაც, რაც ძანარდის იღბლიანი სიმბოლოა. დიზაინერებმა კი ის BMW M-ის სტილში წარმოადგინეს და არა უბრალოდ დეკორატიულ სტიკერად.

ცვლილებებს ვხვდებით ინტერიერშიც, სადაც წინა სავარძლები ანტრაციტისფერი Alcantara-ს მასალითაა მოპირკეთებული. Alcantara-ს გლუვი ზოლები კი სავარძლებსა და კარის პანელებს გასდევს. ანანასის ნაქარგებია დატანილი რამდენიმე ნაწილზეც.
ძანარდის მემკვიდრეობა BMW-ში
BMW-სა და ალექს ძანარდის კავშირი დღემდე გრძელდება. მისი ვაჟი, ნიკოლო ძანარდი, BMW Italia-ს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის, SpecialMente-ს ელჩია და BMW Driving Experience-ში ინსტრუქტორად მუშაობს. ის ასევე მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მძღოლებისთვის განკუთვნილ კურსებში, სადაც სპეციალური ხელის მართვის სისტემით აღჭურვილ BMW M2-ს იყენებენ.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ ძანარდის ხსოვნის პატივსაცემად BMW Italia-მ კომპანიის სათავო ოფისში, House of BMW Italia-ში, მუდმივი მემორიალური პანელიც გახსნა. სოლეროს თქმით, ძანარდი ნამდვილად მისაბაძი მაგალითია.
ალექს ძანარდი 2026 წლის 1 მაისს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს