საქართველოდან რუსეთში მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5.5-ჯერ შემცირდა
2026 წლის ოქტომბერში საქართველოს გავლით რუსეთში მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ რუსულმა ანალიტიკურმა სააგენტო „ავტოსტატის“ ხელმძღვანელმა სერგეი ცელიკოვმა „მაქსზე“ დაწერა.
საქართველოსთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი კლება სამხრეთ კორეიდან იმპორტმაც დააფიქსირა, რომელიც 6,5-ჯერ, ანუ 13 800-დან 2 100 ავტომობილამდე შემცირდა.
ასევე, ბელარუსიდან იმპორტი 3,5-ჯერ, იაპონიიდან 6%-ით, ხოლო ჩინეთიდან 22%-ით შემცირდა.
იაპონია რუსეთში მეორადი მსუბუქი ავტომობილების უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 60%-ს შეადგენს.
მთლიანობაში, ოქტომბერში რუსეთში მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით შემცირდა და 34 000 ერთეული შეადგინა. შედარებისთვის: 2025 წლის ოქტომბერში რუსეთში მეორადი ავტომობილების რეკორდული რაოდენობა — თითქმის 60 000 ერთეული — შევიდა.
რაც შეეხება თვიურ სხვაობას, სექტემბერთან შედარებით მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5%-ით შემცირდა.
საქართველო ტრადიციულად რუსეთში მეორადი ავტომობილების წამყვანი იმპორტიორების ხუთეულშია.
ცნობისთვის: აშშ-მა, ევროპის კავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 2022 წლის მარტში აკრძალეს. საქართველოში აკრძალვა ოფიციალურად 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა, რაც რუსეთში ამერიკული ავტომობილების რეექსპორტსა და ექსპორტს შეეხო. იმავე წლის 26 სექტემბრიდან ეს შეზღუდვა სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში ბელარუსის მიმართულებასაც შეეხო.
საქართველოს ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ამერიკული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში, ხოლო იმავე წლის 26 სექტემბრიდან, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, ბელარუსშიც აიკრძალა. ამ აკრძალვის შემდეგ, ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს