როდის დაიწყება ზუგდიდამდე ახალი, 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა? | გზების დეპარტამენტის პასუხი
საქართველოში კიდევ ერთი 4-ზოლიანი მაგისტრალი აშენდება. კერძოდ, საუბარია სამტრედია-ზუგდიდის 75-კილომეტრიან მონაკვეთზე.
აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად, 2028 წლიდან დაიწყება და პროექტი, სავარაუდოდ, 2032 წელს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიაწოდეს.
მათივე ცნობით, მაგისტრალის საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება გადასახადების გარეშე 18 371 880 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტირების დასრულების ვადად დავალების გაცემიდან 24 თვეა განსაზღვრული.
გარდა ამისა, დეპარტამენტის ინფორმაციით, საბოლოო საპროექტო ანგარიშის, მათ შორის, საბოლოო განსახლების სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, გათვალისწინებულია დამატებითი 6-თვიანი პერიოდი განსახლების სამოქმედო გეგმის განახლებისა და საჭიროებისამებრ კორექტირებისთვის.
ამასთან, უწყება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის №55 განკარგულების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა თანხმობა, სამტრედია-ზუგდიდის საავტომობილო გზის (სამტრედია-ფოთის კვანძი – ანაკლიის კვანძი – ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი) მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვისას მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურები გამოიყენოს.
შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტის შესახებ საზოგადოებისთვის 2025 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. მაშინ რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ახალი ავტომაგისტრალი 75-კილომეტრიანი და 4-ზოლიანი იქნებოდა. მისივე თქმით, იმ დროისთვის გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაცია უკვე მომზადებული იყო და დეტალური პროექტირება იგეგმებოდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს